„კაცებო, თქვენც ამოიღეთ ხმა...“ - ბაია პატარაია მიმართვას ავრცელებს

ბაია პატარაია

თერჯოლაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივების ინფორმაციით, მაღაზიის მენეჯერს, ყოფილმა ქმარმა, ცეცხლი წაუკიდა.

ის მაღაზიაში მივიდა, ყოფილ ცოლს, სავარაუდოდ, საწვავით სავსე ბოთლი ესროლა და ცეცხლმოკიდებული, ოთახში გამოკეტა. ქალი ადგილზე დაიღუპა. დაღუპული ქალი 37 წლის თამილა ლილუაშვილია.

შემზარავ ფაქტს ეხმიანება „საფარის“ ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ბაია პატარაია.

„კიდევ ერთი საზარელი ფემიციდი. სასტიკი, ყოფილი ცოლის მიმართ. არ პატიობენ ქალებს უარს, წასვლას, ადამიანობას არ პატიობენ.

ქალს რომ ადამიანობა უნდა, საკუთარი ცხოვრების განკარგვა რომ უნდა, მოძალადესთან დაშორება რომ უნდა, ამას არ პატიობენ და კლავენ...რა ვქნათ? რა ვქნათ და მინიმუმ გავიდეთ გარეთ. აქციები რატო არ არისო? არის, ბატონო, ხვალ, მე მივდივარ და სულ ვივლი, სადამდეც საჭირო იქნება. და როცა სხვა არ დააორგანიზებს, მე თვითონ დავაორგანიზებ თანამოაზრეებთან ერთად და ეგრე... კაცებო, თქვენც ამოიღეთ ხმა...“,-წერს ბაია პატარაია.