გატაცებულმა კაცმა ოჯახი ბავშვობაში ნანახი სოფლის რუკის დახატვით იპოვა

ჩინეთი

1989 წელს  ჩინეთში, იუნანის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში, ოთხი წლის ლი ჯინგვეი მეზობელმა გაიტაცა და ბავშვთა ტრეფიკინგის დანაშაულებრივ საქმეში ჩართულ ადამიანებს მიჰყიდა. თუმცა, ათწლეულების შემდეგ, ლიმ გონებაში თავისი მშობლიური სოფლის აღდგენა სცადა და ასე დახატა დასახლების რუკა. სწორედ ამ რუკის დახმარებით დაუბრუნდა იგი თავის ოჯახს.

საქმე ისაა, რომ ლის თავისი სოფლის არც სახელი ახსოვდა და არც მისამართი, თუმცა, ახსოვდა ხეები, საძოვრები და ქვებიც კი. როცა რუკა დახატა, მას ვიდეო გადაუღო და სოციალური ქსელით გაავრცელა.

„მე ის ბავშვი ვარ, რომელიც თავის სახლს ეძებს",- ამბობს ლი ვიდეოში.

ლიმ ვიდეო Douyin-ზე ატვირთა, რომელსაც ჩინეთს გარეთ ტიკ-ტოკის სახელით იცნობენ. მალევე რუკა პოლიციის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც ნახატი იმ სოფლის გეგმას შეადარა, სადაც ქალმა წლების წინ შვილი დაკარგა.

ამას მოჰყვა დნმ-ტესტი და მოგვიანებით  ლისა და დედამისის ემოციური შეხვედრა.

„რა წამს ტელეფონი ავიღე, დედაჩემმა ტირილი დაიწყო. ვიდეოზარში კი მისი ამოცნობა ერთი შეხედვითვე შევძელი: დედაჩემს და მე ხომ ერთნაირი ტუჩები და ლამის მსგავსი კბილებიც კი გვაქვს",- ამბობს ლი. 

ლი თავისი სოფლიდან 1989 წელს გაიტაცეს და ასობით კილომეტრის დაშორებით, სხვა პროვინციაში მცხოვრებ ოჯახს მიჰყიდეს.