Exclusive: „საშინელება ხდებოდა თვითმფრინავში. გარკვეული დროის განმავლობაში ვერც პოლიცია შედიოდა...“ - ქართველი მგზავრი თვითმფრინავზე, რომელიც ავარიულად დაეშვა

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანია wizzair-ის თვითმფრინავმა, რომელიც ბარი - კრაკოვის რეისს ასრულებდა, ბუდაპეშტის აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაგეგმური დაშვების მიზეზი ბორტზე გაჩენილი ხანძარი იყო, თუმცა როგორც თვითმფრინავში მყოფი ქართველი მგზავრი „პრაიმტაიმს“ უყვება, კონკრეტული მიზეზი ჯერ არ იციან.

„ბარიდან 50 წუთის დაგვიანებით აფრინდა ჩვენი თვითმფრინავი. აფრენიდან დაახლოებით ერთ საათში, გამოგვიცხადეს, რომ, თვითმფრინავს ბუდაპეშტის აეროპორტში საავარიო დაშვება უნდა განეხორციელებინა. მაშინვე ჩაგვიტარეს ინსტრუქტაჟი და გაგვაფრთხილეს, დაშვების დროს როგორ უნდა მოვქცეულიყავით.

მე პილოტების კაბინასთან ახლოს ვიჯექი. თვითმფრინავი საშინლად ირყეოდა. როგორღაც მოახერხეს პილოტებმა და თვითმფრინავი უსაფრთხოდ დასვეს. დაჯდომიდან დაახლოებით 15 წუთი თვითმფრინავში ვიყავით გამოკეტილები. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ამის შემდეგ, თვითმფრინავში ჩაირთო საგანგაშო სიგნალი და ბორტგამყოლმა მოგვიწოდა, საავარიო (გასაბერი) ტრაპით დაგვეტოვებინა თვითმფრინავი.

საშინელი ქაოსი იყო. ისეთი საშინელება ხდებოდა თვითმფრინავში, რომ ზურგჩანთა ბორტზე დამრჩა. სხვა მგზავრებს პასპორტები და ბილეთები დარჩათ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში თვითმფრინავში ვერც პოლიცია შედიოდა... ჩამოსვლის პროცესში რამდენიმე ბავშვი მსუბუქად დაშავდა, მგზავრებს შორის იყო ორსული ქალბატონიც...

მაშინვე მოგვაშორეს თვითმფრინავს და გადაგვიყვანეს აეროპორტის ცენტრალურ დარბაზში, სადაც გაგვჩხრიკეს. ზოგიერთს ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც კი გახადეს. აქ ამბობენ, თითქოს „ტვიტერზე“ დაიწერა, რომ ბორტზე ბომბიაო. ამასთან დაკავშირებით სხვა ვერაფერს გეტყვით.

ახლაც აეროპორტის ცენტრალურ დარბაზში ვართ და გვითხრეს, რომ აქაური დროით 22:00 საათზე უნდა გავფრინდეთ დანიშნულების ადგილზე“. - ამბობს ქართველი მგზავრი.