ძალადობა 13 წლის გოგონაზე მშობლების მხრიდან, მამის მხრიდან სასტიკი მოპყრობის შედეგად მოზარდს უნებლიე შარდვა დაეწყო - „კურიერის“ ექსკლუზივი

dzaladoba mozardze

„კურიერის“ ექსკლუზივი და ვიდეომასალა, რომელიც 13 წლის ბავშვზე მშობლების ფიზიკურ ძალადობას ასახავს - ვიდეომასალაში ჩანს, რომ ბავშვს მამა ფიზიკურად სასტიკად უსწორდება, რა დროსაც მოზარდს უნებლიე შარდვა ეწყება, ამის შემხედვარე მშობელი კიდევ უფრო ბრაზდება და მას შარდის სახით გაწმენდას აიძულებს.

ამ საზარელ ისტორიას კიდევ ერთი მძიმე ფაქტი ახლავს, მამის მიერ შვილზე ფიზიკურ და მორალურ ძალადობას დედინაცვალი შანტაჟის მიზნით ტელეფონით იღებს. ძალადობა მოზარდზე კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა სკოლა, სადაც ბავშვი დადიოდა. იქ მოზარდს ფიზიკური დაზიანებები შეატყვეს და პოლიციას გამოუძახეს. ორივე მშობელი დაკავებულია, საქმეში ჩართულია საფრანგეთის დიპლომატიური მისია, რადგან მოძალადე მშობლები საფრანგეთის მოქალაქეები არიან.

ბავშვზე ძალადობა თბილისის ცენტრალურ უბანში ხდებოდა, სადაც საფრანგეთის მოქალაქე მამაკაცი მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად, თითქმის ორი წელი ცხოვრობდა.

პედაგოგი, რომელმაც გოგონას ალაპარაკება შეძლო, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.

საქმეში ძალადობის ამსახველი რამდენიმე ვიდეოჩანაწერი დევს. კადრებში ბავშვის სხეულზე დაზიანებებიც ნათლად ჩანს.

ყველა ეს ჩანაწერი ადასტურებს, რომ არასრულწლოვანი ინტენსიური ძალადობის მსხვერპლია. გოგონამ ჩვენება ფსიქოლოგის თანდასწრებით მისცა და მამისა და დედინაცვლის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე იქაც ისაუბრა.

სახლში, სადაც 13 წლის გოგონას უსწორდებოდნენ, ახლა არავინაა. აქ მცხოვრებ ოჯახზე არაფერი იციან, თუმცა ბინიდან ყვირილის ხმა მეზობლებს არაერთხელ გაუგიათ.

გენდერული ნიშნით არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებული ცოლ-ქმრის საქმის არსებით განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლო რამდენიმე დღეში დაიწყებს. დაკავებულები ბრალს ნაწილობრივ აღიარებენ. დანაშაულს კი, ბავშვის ცუდი მოქცევით ხსნიან.

მამისა და დედინაცვლის დაკავების შემდეგ, მზრუნველობის გარეშე დარჩენილი გოგონა მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით, სახელმწიფო ზრუნვაში გადაიყვანეს. "კურიერს" სააგენტოში უთხრეს, რომ მოზარდს ყველა საჭირო დახმარება გაეწია. ახლა კი ბავშვი, საკუთარი სურვილის შესაბამისად, საფრანგეთში გაემგზავრება. მის წასაყვანად, საქართველოში უკვე ჩამოვიდა ბავშვის ბებია. ძალადობაში ბრალდებულების საქმის განხილვა 11 აპრილს იწყება. მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.