დადგინდა სამხრეთ კორეაში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზი, რომელსაც 179 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავიაკატასტროფა

გამოძიების ახალი ანგარიშის თანახმად, სამხრეთ კორეაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამომწვევი უშუალო მიზეზი, რომელსაც 179 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პილოტების შეცდომა გახდა. 

გასული წლის 29 დეკემბერს, ბანგკოკიდან მიმავალი Jeju Air-ის Boeing 737 მუანის სანაპირო აეროპორტში დაშვებას იწყებდა, როდესაც ფრინველთა გუნდს შეეჯახა, რომლებიც, სავარაუდოდ, ბაიკალის ჩიტები იყვნენ, რამაც ერთ-ერთი ძრავის გაჩერება გამოიწვია.

გამომძიებლების თქმით, მოვლენების ტრაგიკული განვითარების შედეგად, პილოტებმა არასწორი ძრავა გამორთეს, შეცდომას კი უდიდესი მსხვერპლი მოჰყვა.

"დაზიანებული ძრავის გამორთვის ნაცვლად, ეკიპაჟმა შეცდომით გამორთო ერთადერთი მომუშავე ძრავა. ამის შემდეგ, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფმა თვითმფრინავმა, სახიფათოდ მაღალი სიჩქარით განაგრძო წარუმატებელი დაშვება დახურული შასით", - განაცხადეს გამომძიებლებმა.

ავარიული დაშვების შემდეგ, თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკის ბოლოს არსებულ ქვის კედელს შეეჯახა და აფეთქდა. შემთხვევის შედეგად, მხოლოდ 2 ადამიანი გადარჩა, რომლებიც თვითმფრინავის კუდში იმყოფებოდნენ.

შაბათს გამართულ კონფერენციაზე, ეკიპაჟის წევრებმა პროტესტი გამოთქვეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლება ცდილობს, პილოტებს დააბრალოს მომხდარი და ისინი განტევების ვაცებად აქციოს.