„ჭიშკართან შემხვდნენ. ვკითხე სად მიდიხართ-მეთქი...“ - რას ამბობს სვანეთში დაკარგულ ბიჭებზე ადგილობრივი

სვანეთში დაკარგული ბიჭები

სვანეთში ორი დაკარგული პირის სამძებრო სამუშაოებში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. დაკარგულებთან კომუნიკაცია ბოლოს 22 ივლის შედგა, ისინი ამბობდნენ, რომ გზა აებნათ.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, უღელტეხილზე ორ მამაკაცს ორშაბათს შეხვდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ლენტეხის მიმართულებით მიდიოდნენ.

"შემხვდნენ ჭიშკართან. ვკითხე სად მიდიხართ-მეთქი და მიპასუხეს ქვემო სვანეთში უნდა ჩავიდეთო. ორშაბათს მიდიოდნენ, მეხუთე თუ მეექვსე დღეა უკვე. არაფერი უთხოვიათ, მიდიოდნენ, გზაში შემხვდნენ.", - განაცხადა თვითმხილველმა.

ადგილზე იმყოფება "ხალხის ძალის" წევრი, ვიქტორ ჯაფარიძეც. მისი თქმით, სამძებრო სამუშაოები არ შეწყდება მანამ, სანამ მაშველები კონკრეტულ შედეგამდე არ გავლენ.

მისივე თქმით, ბოლოს, მათ მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარი, ლენტეხის მხარეს დაფიქსირდა.

"დილიდან, 06:30 საათიდან ჩართულია ვერტმფრენი. რაჭისა და მესტიის სამაშველო სამსახური, მოსახლეობა - ყველა წასულია, შედეგი სანამ არ დადგება, არავინ გაჩერდება.

ბოლო წერტილი სადაც დაფიქსირდა, რომ სატელეფონო ზარი განხორციელდა, რუკიდან ჩანს, რომ ეს არის ლენტეხის მხარეს", - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.