ავარიის საფრთხე რომ იგრძნო, შვილს გადაჰფარებია... - ახალი დეტალები შემზარავი ტ ტრაგედიის დეტალებზე დეკანოზი სტეფანე მაღლაკელიძე საუბრობს

დაღუპული მოძღვარი

კიდევ ერთი უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიის გზაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ადგილზე დაიღუპნენ ვანი-ბაღდათის ეპარქიის სასულიერო პირი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ალექსი როხვაძე და მისი 8 წლის შვილი.

მომხდარს ძალიან განიცდის მოძღვარი, დეკანოზი სტეფანე მაღლაკელიძე, რომელიც წლებია, იცნობს გარდაცვლილ სასულიერო პირს და მის ოჯახს:

- უმძიმესი ტრაგედიაა მომხდარი, ჩვენი ეპარქიის სასულიერო პირი და მისი 8 წლის შვილია გარდაცვლილი. დეკანოზი ალექსი როხვაძე ვანი-ბაღდათის ეპარქიაში მსახურობდა. საიდან მოდიოდა და რა იყო ამ ავარიის გამომწვევი მიზეზი, ჯერ არ ვიცი, უმძიმესი კადრები ვნახე ინტერნეტით, საიდანაც ჩანს, რომ ტრაილერი ერთ მხარეს არის გადაბრუნებული და მსუბუქი მანქანა - მეორე მხარეს. საჭესთან მამაო იჯდა, მანქანაში ესხდნენ შვილები. საშინელზე მეტი მდგომარეობაა, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, როგორ განვიცდი.

სალონის წინა მხარეს, გვერდზე ეჯდა მეორე შვილი და ეტყობა, მამამ ავარიის საფრთხე რომ იგრძნო, მას გადაჰფარებია თავზე და გადაარჩინა. უკან რომელი ბავშვიც იჯდა, 8 წლის, გარდაცვლილია. ალექსი 5 შვილის მამა იყო, საუკეთესო ადამიანი, საუკეთესო მოძღვარი, დადებითი პიროვნება, ღვთის წინაშე ვამბობ ამ სიტყვებს, მართლაც საოცარი ადამიანი იყო. გარდაცვლილზე ცუდს არ ამბობენო, იტყვიან, მაგრამ 12 წელია, მას ვიცნობ და ერთი უარყოფითი არ შემიძლია ვთქვა. თბილი ურთიერთობა მქონდა და ძალიან განვიცდი. ტაძარში, ხარაჩოზე ვიდექი, ეს საშინელი ამბავი რომ გავიგე და კინაღამ ჩამოვვარდი, ისე განვიცადე. განადგურებული ვარ“,- ამბობს დეკანოზი სერაფიმე „კვირის პალიტრასთან“.