ახალი დეტალები ტრაგედიის ადგილიდან - მიწისძვრის შედეგად ტიბეტში 126 ადამიანი დაიღუპა

მიწისძვრა

სულ მცირე, 126 ადამიანი დაიღუპა და 188 დაშავდა ჩინეთის ავტონომიურ რეგიონში, ტიბეტში 7 იანვარს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად.

სტიქიური უბედურების ზონაში მეორე დღეა გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელშიც რამდენიმე ასეული სამხედროც მონაწილეობს.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრში დანგრეული და დაზიანებულია 3600-ზე მეტი სახლი. მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი 400-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.

სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 30 000-მდე ადგილობრივი მცხოვრები.

ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა 7 იანვარს, ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე მოხდა ტინგრის რაიონში, ნეპალთან საზღვრის მახლობლად. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,1 მაგნიტუდის იყო.

მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ნეპალში, ინდოეთსა და ბჰუტანშიც.