„აღარ გვყავს ჩვენი ლამაზი მარიკუნა...“ - ხაშური-ბორჯომის გზაზე მომხდარი მძიმე ავარიის ახალი დეტალები

მარიამ შატბერაშვილი

ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ ქვიშხეთთან მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ცნობილი ხდება, ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი ოჯახის წევრები დაიღუპნენ, რომელთა შორის ერთი არასრულწლოვანია. დაღუპულები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბიდან არიან.

ART Georgia-ს ინფორმაციით, დაღუპული გოგონა 15 წლის მარიამ შატბერაშვილია.

ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა მისი და, რომელიც სიცოცხლისთვის იბრძვის. 

სოციალურ ქსელში ვრცელდება თხოვნა, ერთად ილოცონ დაშავებული გოგონას გადარჩენისთვის.

„მძიმე ღამე დაგვიდგა... საოცარი ოჯახი გაუბედურდა. ჩვენი მარიამი შეეწირა ამ საშინელ ავარიას და მისი და ძალიან მძიმედ არის. გეხვეწებით არ დაიზაროთ, უნდა ვილოცოთ ბარბარეს გადარჩენისთვის. 10 წუთში ვიწყებთ ღვთისმშობლის დაუჯდომელის კითხვას ბარბარეს გადარჩენისთვის. გთხოვთ, არ დაიზაროთ, შემოგვიერთდით, რომ დედაღვთისას შევევედროთ მეორე შვილი უცოცხლოს საოცარ, მაგრამ გამწარებულ დედ-მამას. გთხოვთ, წაიკითხეთ ჩვენთან ერთად. ერთად ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. ბარბარეს გადარჩენისთვის“, - წერენ სოციალურ ქსელში.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

✕