კლინიკა

მსოფლიო 1783716058

18 თვის ბავშვი, რომელიც ექიმებმა გარდაცვლილად გამოაცხადეს, 5 საათის შემდეგ მორგში ცოცხალი იპოვეს (უცხოეთი)

არიზონას შტატში მომხდარმა შემთხვევამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. 18 თვის ბიჭი, რომელიც საცხოვრებელი სახლის აუზში უგონო მდგომარეობაში იპოვეს, საავადმყოფოში გადაყვანიდან დაახლოებით ერთ საათში ექიმმა გარდაცვლილად გამოაცხადა. თუმცა, 5 საათის შემდეგ, ბავშვი საავადმყოფოს მორგში ცოცხალი ნახეს.პოლიციის ახლად გასაჯაროებული ანგარიშის მიხედვით, შემთხვევის დროს ორი სამართალდამცველი და ერთ-ერთი ექთანი ექიმს ეუბნებოდნენ, რომ ბავშვს სიცოცხლის ნიშნები კვლავ აღენიშნებოდა, თუმცა ექიმმა მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა და სიკვდილი ოფიციალურად დააფიქსირა.რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლები ცხედრის შესამოწმებლად მივიდნენ, აღმოაჩინეს, რომ ბავშვი სუნთქავდა. ის დაუყოვნებლივ სხვა კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.პოლიციის ინფორმაციით, მცირეწლოვანი უკვე საავადმყოფოდან გაწერილია და რეაბილიტაციას აგრძელებს.გამოძიების ფარგლებში პოლიცია ბავშვის მშობლებისთვის დაუდევრობის ბრალდების წაყენებას ითხოვს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ შემთხვევის ადგილზე მარიხუანის ძლიერი სუნი იდგა და არსებობს ვარაუდი, რომ ბავშვი აუზთან უმეთვალყურეოდ სწორედ ამის გამო დარჩა. საქმეს ამჟამად პროკურატურა სწავლობს.მომხდართან დაკავშირებით შიდა მოკვლევა დაიწყო იმ საავადმყოფომაც, სადაც ბავშვი გარდაცვლილად გამოაცხადეს. ადმინისტრაციის განცხადებით, შემთხვევის ყველა გარემოება დეტალურად შეისწავლება, რათა მსგავსი შეცდომა მომავალში აღარ განმეორდეს.

ბექა დავითულიანი

პოლიტიკა 1783696680

ბექა დავითულიანი ოპოზიციას: ვინ არის წარუმატებელი მერი და ვინ წარუმატებელი “რისერჩერი”, რომელიც პოლიტიკურ თემებს ეძებს, რომ რაღაცას მოეჭიდოს, ეს მოსახლეობამ განსაჯოს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა დავითულიანმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა ბოლო დროს თბილისში მომხდარ რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით. როგორც ბექა დავითულიანმა განაცხადა, ასეთ თემებზე აპელირება და ქალაქის მერის დადანაშაულება ოპოზიციის მხრიდან უხერხულია.„როდესაც ისეთ მძიმე ტრაგედიაზე ვსაუბრობთ, როგორიც ცოტა ხნის წინ მოხდა, ვგულისხმობ ტროტუარზე მდგომი მანქანის მძღოლის მიერ ადამიანის გატანას და უაპელაციოდ შეგიძლიათ დააბრალოთ ეს შემთხვევა მუნიციპალიტეტს და ქალაქის მერს, მინდა შეგახსენოთ, რომ თბილისის მერის კახა კალაძის მენეჯმენტის პირობებში მოხდა ის, რომ ყველგან, სადაც ქუჩების რეაბილიტაცია ხდება, დგება სპეციალური ბოძები, რომ იქ ვერ ავიდნენ მანქანები. მანქანები, რომლებიც ტროტუარზე პარკინგდებიან, გადაჰყავთ საჯარიმოზე და ჯარიმდებიან. ამ საკითხზე ოპოზიციის მხრიდან საუბარი უხერხულია.რაც შეეხება, მარიჯანის ქუჩაზე მომხდარ მიწის ჩამოშლას. ოპოზიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დადგაო,. დიახ, იქ იყო ცენტრ-პოინტის მშენებლობა, სადაც იდგა 11 სართულიანი დაუსრულებელი შენობა და ის რომ არ დაენგრია დედაქალაქის მერიას, სულ სხვა ტრაგედია შეიძლება დატრიალებულიყო. მოსახლეობას შესთავაზეს ბინებით დაკმაყოფილება, დაანგრიეს ამორტიზებული შენობა, რომელიც მართლა პრობლემებს შექმნიდა იქ და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის,რომ არ დამდგარიყო ცუდი შედეგი. უსაფრთხოების პარამეტრები დაარღვია კომპანიამ, რომელიც აირჩია მოსახლეობამ და ამასაც მოჰყვა მუნიციპალიტეტის მხრიდან რეაგირება. არაფერი მოხდა სწორეხ იმიტომ, რომ ზომები მიიღო ქალაქის მერმა, რომელსაც თქვენ წარუმატებელს უწოდებთ. ვინ არის წარუმატებელი მერი და ვინ წარუმატებელი “რისერჩერი”, რომელიც პოლიტიკურ თემებს ეძებს, რომ რაღაცას მოეჭიდოს, ეს მოსახლეობამ განსაჯოს“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

photo

საზოგადოება 1783690284

ინფრასტრუქტურის სამინისტროში რუსთავის, გურჯაანის, წალენჯიხისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების არქიტექტურული კონცეფციები განიხილეს

ინფრასტრუქტურის სამინისტროში რუსთავის ცენტრალური პარკის, გურჯაანის „ღვინის ქალაქის“, წალენჯიხისა და ზესტაფონის მრავალფუნქციური კომპლექსების არქიტექტურული კონცეფციების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, პარლამენტის წევრები მაია ბითაძე, ირაკლი ქადაგიშვილი და ვიქტორ სანიკიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, ქვემო ქართლის, კახეთის, იმერეთის და სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეებში სახელმწიფო რწმუნებულები, სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, რუსთავის, გურჯაანის, წალენჯიხის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების მერები, არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები.კომისიის წევრებმა რუსთავის ცენტრალური პარკის სამი არქიტექტურული კონცეფცია განიხილეს. პროექტების მიხედვით, პარკის განახლებისას შენარჩუნდება მისი უნიკალური ისტორიული და კულტურული იდენტობა, მოეწყობა საბავშვო და სპორტულ ზონები, კალათბურთის მოედანი, სკეიტ-პარკი, ტბის სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურა და დასასვენებელი სივრცეები. პროექტირებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რუსთავის ციხე-სიმაგრის სარეკრეაციო ზონასთან ინტეგრაციას და არქეოლოგიური სივრცის წარმოჩენას.კომისიამ ასევე იმსჯელა გურჯაანში მრავალფუნქციური სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული კომპლექსის -„ღვინის ქალაქის“ რვა არქიტექტურულ კონცეფციაზე. პროექტების მიზანია, შეიქმნას მრავალფუნქციური ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული მემკვიდრეობის დაცვას და პოპულარიზაციას, ინოვაციური კვლევების მხარდაჭერას და რეგიონში ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.გურჯაანის „ღვინის ქალაქში“ მოეწყობა საგანმანათლებლო, მუდმივმოქმედი და დროებითი საგამოფენო სივრცეები, საკონსერვაციო ლაბორატორია და ფონდსაცავი, სპეციალიზებული ბიბლიოთეკა და ენოთეკა, დეგუსტაციის დარბაზი და გასტრონომიული სივრცეები,საზოგადოებრივი და რეკრეაციული ზონები, ასევე, HoReCa და სხვა კომერციული ერთეულები.ეზოს ნაწილი იქნება ვაზის ჯიშების საჩვენებლი კოლექცია, რომელიც მჭიდროდ დაუკავშირდება კომპლექსის თემატიკას.საკონკურსო კომისიაზე წარგდენილი იყო, ასევე, წალენჯიხის 250 მაყურებელზე გათვლილი და მრავალფუნქციური კომპლექსის ექვსი და ზესტაფონის 500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის ოთხი კონცეფცია.საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსების შერჩეული პროექტები, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელები სხვა რეგიონებისთვის.წალენჯიხასა და ზესტაფონის მრავალფუნქციურ კომპლექსებში განთავსდება დიდი და საბავშვო საცურაო აუზები, გასახდელები და საშხაპეები, სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული დარბაზები.პროექტის ფარგლებში წალენჯიხის კომპლექსში განხორციელდება, ასევე, ბუნებრივსაფარიანი სტადიონის რეაბილიტაცია.გარდა ამისა, ორივე მრავალფუნქციურ შენობაში მოეწყობა STEM-კლუბები, რომლებიც გააერთიანებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით სამუშაო ზონებს.საკონკურსო კომისია გამარჯვებულ არქიტექტურულ ბიუროებს რამდენიმე დღეში გამოავლენს.

ასკანელი

საზოგადოება 1783674590

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

„ასკანგელ ალიანსი“ საქართველოში ბენტონიტის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელიც ადგილობრივ პროდუქტს საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით ყიდის. კომპანიის საწარმო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარეობს და აერთიანებს ბენტონიტისა და ცხოველების ჰიგიენური მოვლის შემავსებლების წარმოებას. ბენტონიტი მრავალფუნქციური ბუნებრივი მასალაა, რომლის მთავარი უპირატესობა მაღალი შთანთქმის უნარია, რაც მას სხვადასხვა ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვან ნედლეულად აქცევს. შესაბამისად, ბენტონიტი აქტიურად გამოიყენება მეტალურგიაში, სამშენებლო და გარემოსდაცვით პროექტებში, ღვინის ფილტრაციასა და შინაური ცხოველების მოვლის პროდუქტების წარმოებაში.პროექტში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 14 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, საიდანაც 2,5 მილიონ აშშ დოლარამდე თიბისის დაფინანსებაა. გურიაში მოპოვებული ბენტონიტი, მისი შემადგენლობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩევა. სწორედ ეს აძლევს კომპანიას შესაძლებლობას, კონკურენცია გაუწიოს საერთაშორისო მწარმოებლებს და პროდუქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტზე გაიტანოს. „ასკანგელ ალიანსის“ პროდუქცია იყიდება პოლონეთში, გერმანიაში, ფინეთში, საფრანგეთში, თურქეთში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში. „ასკანგელ ალიანსის“ ისტორია გურიაში 2016 წელს დაიწყო, როდესაც კომპანიამ ბენტონიტის გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმო ააშენა. ქარხანა გერმანული ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და სხვადასხვა დანიშნულების ბენტონიტურ პროდუქტს აწარმოებს.ბოლო პერიოდში კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კატის საპირფარეშოს შემავსებლების წარმოება გახდა. ბენტონიტის უნარი, შეიწოვოს დიდი რაოდენობით სითხე და წარმოქმნას მყარი გრანულები, მას ამ პროდუქტის წარმოებისთვის იდეალურ ნედლეულად აქცევს. სწორედ ამიტომ, 2025 წელს კომპანიამ ახალი საწარმო აამოქმედა და ბაზარზე საკუთარი ბრენდი — AskanaBent — წარადგინა.„ასკანგელ ალიანსი“ წარმოების განვითარებასთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც უწყობს ხელს - კომპანიაში 133 ადამიანი მუშაობს, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივია. თიბისი კომპანიის მთავარი ფინანსური პარტნიორია და „ასკანგელ ალიანსთან“ დაარსების დღიდან თანამშრომლობს. სწორედ თიბისიმ დააფინანსა 2025 წელს საწარმოს რეაბილიტაცია, რომელიც გურიაში მოსული ძლიერი თოვლის შედეგად დაზიანდა. ბანკმა თანხა ახალი შენობისა და საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად გამოყო.საქართველოში წარმოების მხარდაჭერა თიბისისთვის პრიორიტეტულია. მსგავსი ინიციატივების ხელშეწყობით ბანკი ხელს უწყობს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებასა და ექსპორტის გაძლიერებას, რაც ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

ყვარლის სახალხო თეატრი

რეგიონი 1783593189

ყვარლის სახალხო თეატრის რეაბილიტაციის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ყვარლის სახალხო თეატრის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.ყვარლის თეატრის შენობა გასული საუკუნის 60–70-იან წლებშია აშენებული და საბჭოთა პერიოდის საზოგადოებრივი არქიტექტურის ერთ-ერთ ტიპურ ნიმუშს წარმოადგენს.რეაბილიტაციის პროექტის მიზანია შენობის არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულებების შენარჩუნება და მისი სრულყოფილი რეაბილიტაცია, ფუნქციური შესაძლებლობების გაუმჯობესება და თანამედროვე, მრავალფუნქციურ კულტურულ ცენტრად გარდაქმნა.საპროექტო დავალების ფარგლებში შემუშავდება შენობის რეაბილიტაცია-ადაპტაციის სრული პროექტი და შესაბამისი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. გათვალისწინებულია სივრცეების ოპტიმიზაცია, მრავალფუნქციური საკონცერტო დარბაზის, სასწავლო-საგანმანათლებლო სივრცეების, ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და საესტრადო ანსამბლებისთვის განკუთვნილი ოთახების, ასევე საგამოფენო სივრცის მოწყობა.განახლების შედეგად ყვარლის სახალხო თეატრი თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბდება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასა და სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობას შესთავაზებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდი

რეგიონი 1783584438

მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავის №8 საჯარო სკოლის (შალაურის კორპუსი) პროექტირება-რეაბილიტაციას განახორციელებს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავში მდებარე №8 საჯარო სკოლის (შალაურის კორპუსი) რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტს განახორციელებს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, სკოლის არსებულ მდგომარეობას ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.„მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმართვის საფუძველზე, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, შენობა რეაბილიტაციას ექვემდებარება. ჩატარებული ბაზრის კვლევის შემდეგ, ფონდი უკვე ამზადებს ტენდერისთვის ტექნიკურ დოკუმენტაციას სკოლის პროექტირებისა და რეაბილიტაციის მიზნით.პროექტის ფარგლებში განახლდება სკოლის არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო სისტემები, მოეწყობა თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეები, კეთილმოეწყობა სკოლის ეზო, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და, შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, მოეწყობა სპორტული მოედანი.პროექტის განხორციელების შედეგად, თელავის №8 საჯარო სკოლის (შალაურის კორპუსი) მოსწავლეები და პედაგოგები ისარგებლებენ უსაფრთხო, ენერგოეფექტური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოთი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

რეგიონი 1783580949

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში კულტურის სახლის განახლების მეორე ეტაპი დასრულდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში კულტურის სახლის განახლების მეორე ეტაპი დასრულდა.შესრულებულ სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მერთან, ზაზა დიასამიძესთან ერთად გაეცნო.მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ახალშენის კულტურის სახლი შეძლებს ფართომასშტაბიან კულტურულ, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ღონისძიებებს უმასპინძლოს."ახალშენში კულტურის სახლის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. ეს ისტორიული შენობა წლების განმავლობაში საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იყო, დღეს კი უკვე სრულად განახლებულია. დაგეგმილია მესამე ეტაპიც, რომელიც შენობის ტექნიკურ აღჭურვას ითვალისწინებს. აქ შესაძლებელი იქნება კონცერტების, ფესტივალების, კონფერენციების, სემინარებისა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩატარება.ახალშენის ულამაზესი ბუნება და შენობის არქიტექტურა ამ სივრცეს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. დარწმუნებული ვარ, კულტურის სახლი არა მხოლოდ ადგილობრივებისთვის, არამედ ვიზიტორებისთვისაც საინტერესო ადგილი გახდება, კიდევ უფრო გააძლიერებს კულტურულ ცხოვრებას ხელვაჩაურში და არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.პროექტის ჯამური ღირებულება 1 652 485 ლარია. მეორე ეტაპის ფარგლებში მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა - საკონცერტო დარბაზი, საკონფერენციო და სარეპეტიციო სივრცეები, ასევე საოფისე ოთახები.დაგეგმილია მესამე ეტაპის სამუშაოების დაწყება, რაც სცენის მოწყობას, გახმოვანების სისტემის მონტაჟსა და გარე ტერიტორიის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.პროექტს აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, აჭარის მთავრობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის თანამშრომლები გაეცნენ.

ქუთაისში №28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სრულდება

რეგიონი 1783580835

ქუთაისში №28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სრულდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში №28 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ასრულებს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, სამუშაოების დასკვნით ეტაპს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი გაეცნენ.„150 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა საკლასო ოთახები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები.გარდა ამისა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოთახები, ეზოში კი მოეწყობა სათამაშო მოედანი.სკოლის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.შენობა უზრუნველყოფილია გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემებით.ქუთაისის №28 საჯარო სკოლა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახლდა. პროექტის ღირებულება 3.5 მლნ ლარია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმის მერია

პოლიტიკა 1783506103

ბათუმის მერია გონიოში მდებარე №29 საბავშვო ბაღის ტერიტორიასთან დაკავშირებით: ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს არსებული ტერიტორიის გასხვისება იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება

ბათუმის მერია გონიოში მდებარე №29 საბავშვო ბაღის ტერიტორიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ბაღის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია დეტალურად არის წარმოდგენილი."საზოგადოების სწორად ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას გონიოში მდებარე №29 საბავშვო ბაღის ტერიტორიასთან დაკავშირებით.2023 წელს №29 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო. თუმცა, პროექტის განხორციელების პროცესში კონტრაქტორ კომპანიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო სამუშაოები ვერ დასრულდა.მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩაატარა ახალი ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიხედვითაც დადგინდა, რომ არსებული შენობის რეაბილიტაცია არარენტაბელური იყო. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა შენობის დემონტაჟი და ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა.ამასთან, მოქმედი სამშენებლო რეგულაციების გათვალისწინებით, არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი აღარ აკმაყოფილებს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის დადგენილ სტანდარტებს.აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე გონიოს დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის მიმდინარეობს შესაბამისი მიწის ნაკვეთის გამოყოფის პროცედურები.აქვე განვმარტავთ, რომ №29 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს შეუფერხებლად განაგრძობენ, ისინი გადანაწილებული არიან სხვა საბავშვო ბაღებში, სადაც მათთვის უზრუნველყოფილია შესაბამისი სააღმზრდელო პირობები.ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს არსებული ტერიტორიის გასხვისება იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება.ბათუმის მერია აქტიურად განაგრძობს სკოლამდელი აღზრდის ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამჟამად მიმდინარეობს ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ივანე მესხის I ჩიხსა და ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე, ხოლო კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო ფრიდონ ხალვაშის გამზირზე.პარალელურად, ქალაქის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის შესაბამისი მიწის ნაკვეთებისა და ლოკაციების მოძიება.წლის ბოლომდე ბათუმში საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ფარგლებში, ექსპლუატაციაში შევა 8 საბავშვო ბაღი, რომელიც ჯამში 1320-მდე აღსაზრდელს მოემსახურება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სკოლამდელი აღზრდის ინფრასტრუქტურას და გაზრდის ხელმისაწვდომობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

კალაძე

საზოგადოება 1783498628

თბილისის მერია წყნეთისა და კოჯრის ცენტრების რეაბილიტაციას გეგმავს

დაბა წყნეთში რუსთაველის ქუჩის ცენტრალური ნაწილისა და დაბა კოჯორში იუნკერთა ქუჩის ცენტრის რეაბილიტაცია იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორიების მოწესრიგება მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო.„ვიწყებთ წყნეთისა და კოჯრის ცენტრების რეაბილიტაციას, რომელიც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. დაბა წყნეთში რუსთაველის ქუჩის ცენტრალური ნაწილის და დაბა კოჯორში იუნკერთა ქუჩის ცენტრის რეაბილიტაციას ითვალისწინებს ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვაქვს. სატენდერო პროცედურა 13 ივლისს დასრულდება. პროექტის ფარგლებში, წყნეთისა და კოჯრის ცენტრალურ ნაწილში განხორციელდება მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები: საჰაერო სადენები განთავსდება მიწის ქვეშ მოწყობილ საკაბელო არხებში, განახლდება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები; ჩატარდება საგზაო სამუშაოები, დაიგება ასფალტის საფარი, კეთილმოეწყობა ტროტუარები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება ხე-მცენარეები“, - განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა მოუწოდა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს, იაქტიურონ, რადგან ამ ორი პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია. 

ქორწინების სახლი

საზოგადოება 1783496562

„თბილისის განვითარების ფონდი“ ქორწინების სახლის ისტორიული შენობის განახლებას იწყებს

„თბილისის განვითარების ფონდი“ ქორწინების სახლის ისტორიული შენობის განახლებას იწყებს„თბილისის განვითარების ფონდი“ ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ქორწინების სახლის რეაბილიტაციას იწყებს, - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა.მისი თქმით, ჩატარებულია შესაბამისი კვლევები და ობიექტს მინიჭებული აქვს ავარიულობის III კატეგორია.„ჩატარებული კონსტრუქციული კვლევების თანახმად, მე-20 საუკუნის 80-იან წლებში რესტავრირებული შენობის მზიდი კონსტრუქციები არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. ობიექტს მინიჭებული აქვს ავარიულობის III კატეგორია, რის გამოც მისი ნაწილობრივი დაშლისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, იდენტური სახით აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის უნიკალური ურბანული იერსახის შენარჩუნებას.„შენობის ექსტერიერი სრულად შეინარჩუნებს ისტორიულ სახეს. პროექტის მიზანია დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება და ქალაქის უნიკალური ურბანული იერსახის შენარჩუნება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობა იქნება განახლებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.მისივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია დავალების მიცემიდან 14 თვე.

ინფრასტრუქტურის მინისტრი

პოლიტიკა 1783430251

ინფრასტრუქტურის მინისტრი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს ადგილზე გაეცნო

"დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დავათვალიერეთ. მათ შორისაა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტები, რომლებიც აქტიურად ხორციელდება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასევე გავეცანით მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებს, მათ შორის სტიქიის შედეგად წარმოშობილ პრობლემებს. შესაბამისი საკითხების მოსაგვარებლად სამინისტრომ უკვე დაიწყო მუშაობა და დაგეგმილია კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება. სამინისტრო მუნიციპალიტეტში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. გვაქვს პროგრესი და უახლოეს პერიოდში ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ არაერთ სიახლეს შევთავაზებთ“-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სამეგრელოს რეგიონში სამუშაო ვიზიტისას განაცხადა.რევაზ სოხაძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად პროექტების მიმდინარეობა, არსებული საჭიროებები და სამომავლო გეგმები განიხილა.მინისტრთან ერთად წალენჯიხაში იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელები, საქართველოს პარლამენტის წევრები - ირაკლი ზარქუა და ილია ინჯია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.პროექტების მონიტორინგის ფარგლებში რევაზ სოხაძემ დაათვალიერა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა–ობუჯი–ჯიხაშკარის საავტომობილო გზის 7-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები. ობიექტზე სამუშაოების შესრულების ტემპი და ხარისხი არ აკმაყოფილებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.შესაბამისად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონტრაქტორის პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელებს და განიხილავს კომპანიის შეცვლის შესაძლებლობასაც.მინისტრი ასევე იმყოფებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში, სადაც ქალაქ ჯვრის წყალმომარაგების სტრატეგიულ ობიექტს გაეცნო. ადგილზე განთავსებული რვა მოქმედი ჭაბურღილი ქალაქ ჯვრის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს, თუმცა ენგურის წყლის დონის მატების პერიოდში ტერიტორია პერიოდულად იტბორება.პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტისთვის დაიგეგმება ჭაბურღილების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება, რაც დაიცავს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას დატბორვისგან და უზრუნველყოფს ქალაქ ჯვრის მოსახლეობის საიმედო და უწყვეტ წყალმომარაგებას.რევაზ სოხაძე ქალაქ წალენჯიხის №5 საჯარო სკოლის ახალ შენობასაც ეწვია, სადაც დასრულების შემდეგ მიმდინარეობს მიღება-ჩაბარებამდე აუცილებელი საბოლოო სამუშაოები. 120 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა სრულად შეესაბამება თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებს, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და მოსწავლეებს თანამედროვე სასწავლო გარემოს შესთავაზებს.მინისტრი ასევე შეხვდა წალენჯიხის №1 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს. შეხვედრაზე მან ახალი, 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტირების მიმდინარე ეტაპი წარადგინა და აღნიშნა, რომ დასრულებულია ესკიზური პროექტი, ჩაბარებულია პროექტირების პირველი ეტაპით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ხოლო ამჟამად მიმდინარეობს მეორე ეტაპის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.რევაზ სოხაძემ შეხვედრის მონაწილეებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი საგანმანათლებლო, სპორტული და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო. მათ შორის, სოფელ ფახულანის თემის №2 საჯარო სკოლის მშენებლობა, სოფელ საჩინოს თემის №1 საჯარო სკოლის დასრულებული პროექტი, 250 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტირება, ქალაქის არსებული სტადიონის რეაბილიტაცია, ასევე ტერენტი გრანელის სახელობის პარკისა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ახალი სარეკრეაციო სივრცეების მოწყობის პროექტირება.წალენჯიხაში ერთდროულად ხორციელდება და იგეგმება ისეთი პროექტები, რომლებიც მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. თანამედროვე გზების, წყალმომარაგების სისტემების, სკოლების, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების განვითარება ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნასა და მუნიციპალიტეტის მდგრად განვითარებას ემსახურება.