ზურა შევარდნაძე

ტაბლოიდი 1777055052

„22 წელი ელოდებოდა, რომ ხელს სთხოვდა... დღეს ქორწილია!“ - ზურა შევარდნაძე

 „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი, ფლორისტი ზურა შევარდნაძე, სოციალურ ქსელში პოზიტიურ ამბავს აზიარებს.„ფუნიკულიორზე ვარ, ქორწილს ვაფორმებ. 22-წლიანმა სიყვარულმა გამოიღო შედეგი და ჩვენი თინა გავათხოვეთ. 22 წელი ელოდებოდა, რომ ხელს სთხოვდა. საბოლოოდ გაიმარჯვა სიყვარულმა და დღეს ქორწილია“, - ამბობს ზურა შევარდნაძე ვიდეოში. 

იასამანი

რჩევები 1776717520

როგორ გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე ლარნაკში ჩადებულ იასამანს

ცნობილი ფლორისტი, „გარდენიას“ დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე გასწავლით, როგორ შეინარჩუნოთ ლარნაკში დიდხანს იასამნის თაიგული.„გარდენიაში“ იასამნის უამრავი ჯიში გვაქვს, ირანიდან ჩამოტანილი. იქ ერთ მებაღეს მივაგენით, რომელსაც წარმოუდგენელი კოლექცია ჰქონდა. საერთოდ, იასამანი ირანიდანაა და ჩვენც იქიდან ჩამოვიტანეთ.იასამანი წყალში ვერ ძლებს, არ უყვარს წყალში თაიგულად გაჩერება და უცებ უკვდება ტოტები.ამიტომ ჩაასხით  ლარნაკში წყალი, ჩააგდეთ 2 აბი შუშხუნა ასპირინი რა 10 ცალი ნახშირის აბი. ასე წყალი დიდხანს არ გაფუჭდება და უკეთ შეინახავს.კიდევ ერთი რჩევა - ჯობია ფოთლების გარეშე ჩაალაგოთ, ხოლო სანამ ჩააწყობთ, ღეროებს ძირები ირიბად წააჭერით და შემდეგ ბოლოები დაუჩეჩქვეთ. ასე ღერო ადვილად მიიღებს წყალს და შედარებით დიდხანს გაძლებს. ეს წავკისელების მეთოდია, ძველი მეყვავილეების. ამის შემდეგ ჩააწყობთ ღეროებს წყალში,“ - ამბობს ზურა შევარდნაძე.

zura shevardnadze

ტაბლოიდი 1776058440

„ნუ მაჩუქებთ ცოცხალ ცხოველებს…“ - ზურაბ შევარდნაძე მიმართვას ავრცელებს

ქართველი ფლორისტი ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართვას არ აჩუქონ ცოცხალი ცხოველები.„ნუ მაჩუქებთ ცოცხალ ცხოველებს… ესმამ მთხოვა არ დამეკლა… ხორცი ვიყიდე ჩაქაფულისთვის, თითქოს უკეთესი საქციელია…“, - წერს ზურა შევარდნაძე და ვიდეოს აქვეყნებს. 

გარდენიე

საზოგადოება 1775824440

„უბრად ყოფნა არ გამომდის, კვერცხი ბევრი შევღებე და ბებიას დიდი ხის გობი გავამსე, ყველა სტუმრად მოსულს ვურიგებთ“ - რას წერს ზურა შევარდნაძე

დღეს, 10 აპრილს, წითელი პარასკევია - ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. ამ დღის შესახებ ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ბავშვობიდან მოგონებას გვიზიარებს:„წითელ პარასკევს ბებია უჩვეულოდ, გვიან ადგებოდა, ვიცოდით ამ დღეს არ ლაპარაკობდა, უბრად იყო.თმებს არ დაიხვევდა, ფუყედ დაიპწნიდა და მხოლოდ ამ დღეს გვინახავს მისი გაშლილი, შევერცხლილი თმა თალხი, გახუნებული ცახოცის ქვეშ.მხოლოდ ამ დღეს არ გააკეთებდა სადილს და არც ერთად ვისადილებდით. მარხვას არასდროს ინახავდა, ყველს და პურს, მწნილს, ან რამეს თითონ წავიხემსებდით.ამ დღეს არც სტუმარი მოვიდოდა და არც ჩვენ წავიდოდით სადმე.რატომღაც ბებია ცალკე, მარტო საქმეს ირჩევდა ან აბალახებულ კვლებს გამოხილავდა ბახჩაში, ან მოჭვებს ბურდანს შეუუცვლიდა ან გოჭიან ღორებს გარეთ გამოყრიდა და საღორეს კიდისკიდემდე დაალაგებდა. არ მეჩვენებოდა ალბათ, სამძიმო, საბინძურო საქმეს გამოიძებნიდა.საღამოს აუცილებლად გაწვიმდებოდა, კარგად მახსოვს რომ არც წვიმას მოერიდებოდა, თავშალს არ მოისხამდა, დაწყებულ საქმეს არ დატოვებდა, დაამთავრებდა. გვიან, დაბნელებულზე შემოვიდოდა შინ, მოწესრიგდებოდა, დაგვკოცნიდა სათითაოდ და დაგველაპარაკებოდა, გავიხარებდით.კულიჩის ცომს მესამედ გადაზელდა, ალუმინის ქვაბებში ჩაალაგებდა და გამოსაცხობად შეაწყობდა. კვერცხებს ოზურგეთელ, პალაჩი ჩაჩანთან ნაყიდი, ნახერხიანი საღებავით შეღებავდა.უბრად ყოფნა არ გამომდის, კვერცხი კი ბევრი შევღებე და ბებიას დიდი ხის გობი გავამსე. ყველა სტუმრად მოსულს ვურიგებთ და ვხარობთ ესმა და მე.ბედნიერი აღდგომა გაგითენდეთ ქართველებო!!!“,- წერს ზურა შევარდნაძე. 

zura shevardnadze

faceამბები 1775472000

,,სანამ ჯერარგაგონილი სიტყვებით მამკობდნენ ახალი კაფე მოვაწყვე გარდენიაში” - ზურა შევარდნაძე

"გარდენიას" მფლობელი, ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. "ამასობაში, სანამ ჯერარგაგონილი სიტყვებით მამკობდნენ ახალი კაფე მოვაწყვე გარდენიაში.მივიხედე, მოვიხედე და "მყუდრო" დავარქვი.ხვალ დავისვენებთ და სამშაბათიდან ყველა სილამაზის და სიმყუდროვის მოყვარულს სიხარულით ვუმასპინძლებთ!",- წერს ზურა შევარდნაძე.ბოლო პერიოდია ზურა შევარდნაძის მიმართ უკმაყოფილო ადამიანები საუბრობენ.

zura shevardnadze

ტაბლოიდი 1775387090

„ძალიან ახლობელმა ადამიანმა მიღალატა, ნამეტანი იაფად გამყიდა...“ - რას წერს ზურაბ შევარდნაძე

ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, ზურა შევარდნაძე, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან.ამჯერად ზურამ სოციალურ ქსელში ახალი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ემოციურ ისტორიას იხსენებს და ამბობს რომ ახლობელმა უღალატა:„ახლობელმა, ძალიან ახლობელმა ადამიანმა მიღალატა, ნამეტანი იაფად გამყიდა, ორი დღის წინ შევიტყვე და უსაშველოდ ვიდარდე. კიდევ ერთხელ გავწბილდი. ერთი ძველი ამბავი გამახსენდა და გადავწყვიტე მოგიყვეთ. მაშინ ოცი წლის ვიყავი, ახლა ორმოცდახუთის ვარ, ამ წლების მანძილზე ბევრი შემეშალა ალბათ მაგრამ ღალატით, ღმერთია მოწამე არვისთვის მიღალატია.სტუდენტი ვიყავი, გაეროს ელჩად ქალბატონი ჰაიდი ტალიავინი დაინიშნა, თბილისში ჩამობრძანდა, კერძო სახლი დაიქირავა ვერაზე და თავისი დროებითი საცხოვრებლის ბაღის მოწესრიგება და მოვლა ჩემს ნაცნობ ქალბატონ ცისანას სთხოვა. ცისანაც იმ დროისათვის არნახული ხელფასის საფასურად უვლიდა ბაღს. მძიმე და საკაცო საქმეებში დამიხმარდა ხოლმე, დღიურად მიხდიდა თავისი ხელფასიდან 20 ლარს. ყველა კმაყოფილი ვიყავით.ბაღში მუშაობისას რამდენჯერმე გამომელაპარაკა ქალბატონი, დაინტერესდა სად ვსწავლობდი, რითი ვცხოვრობდი და რა ინტერესები მქონდა. რამდენჯერმე ყურადღებაც გამოიჩინა, ძვირფასი, ბოტანიკური ალბომიც ჩამომიტანა საჩუქრად. მოსწონდა მშობლიურ, გერმანულ ენაზე რომ ვპასუხობდი მის შეკითხვებს. ერთ დღეს საუზმეზე მიმიპატიჟა, შემაქო, მითხრა რომ ერთი სიამოვნებაა როცა ხედავს როგორ გულიანად და სიყვარულით ვშრომობ და ვეხმარები ცისანას. ამიხსნა, რომ მას ერჩივნა თუ ბაღის მოვლას მე გადავიბარებდი, ცისანას დაითხოვდა და ჩემთვის აქამდე არგაგონილ და არნახულ ცისანას ხელფასს მე დამინიშნავდა. დაუფიქრებლად უარი ვუთხარი.. გაიკვირვა და უარის მიზეზი გამომკითხა. ვუპასუხე, რომ არ ვუღალატებ ადამიანს რომელიც ჩემზე ზრუნავს. მისიის დასრულების შემდეგ, თითონ წაბრძანდებოდა სამშობლოში, ჩვენ კი ერთად უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში სულ. შევატყვე ესიამოვნა. მითხრა, რომ დღეიდან შენც იგივე ხელფასი გექნება რაც ცისანას და დამავალა მასთან ერთად მეზრუნა ბაღზე. ხუთი წელი ვიმუშავეთ ცისანამ და მე მხარდამხარ, ავაყვავეთ იქაურობა. დიდი შვება იყო მაშინ, ბევრი რამ შევძელი მიღებული ხელფასით.ქალბატონი ტალიავინის გამგზავრებიდან სამ თვეში მოზრდილი საქაღალდე მივიღე ფოსტით. გერმანული ჟურნალისთვის ინტერვიუ მიუცია, საქართველოზე და ქართველებზე შეყვარებული ქალის, მეტად ემოციური ტექსტი ქართველი, ახალგაზრდა მებაღის სიტყვებით იწყებოდა "თქვენი წაბრძანების შემდეგ, ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში სულ..."ხშირად როცა გაწბილებული ვრჩები მახსენდება ცისანა, ქალბატონი ტალიავინი, ეს ამბავი, ჩემი გამზრდელი ბებიაც მახსენდება რატომღაც და მომწონს თავი..ბზობას გილოცავთ!!!“,- წერს ზურა შევარდნაძე.

ზურა

საზოგადოება 1775120820

„17 წელია გარდენიაში ვმუშაობ… საპატრიარქოს სასწავლებლიდან წამომიყვანა, იყო შენიშვნა, მაგრამ არც ერთხელ შეურაცხყოფა!“ – რას წერს „გარდენიას“ თანამშრომელი ზურა შევარდნაძეზე

„გარდენიას“ მფლობელ, მებაღე ზურა შევარდნაძის გარშემო ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში „გარდენიას“ ერთ-ერთი თანამშრომელი ეხმაურება. პოსტის ავტორი ამბობს, რომ 17 წელია ზურა შევარდნაძის გუნდის წევრია და საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებასა და იმ ურთიერთობაზე უყვება, რომელიც მასსა და მის მასწავლებელს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. „„17 წელია გარდენიაში ვმუშაობ, ფაქტობრივად აქ გავიზარდე .ზურაბ შევარდნაძემ საპატრიარქოს სასწავლებლიდან წამომიყვანა(იქ ზურა განსაკუთრებულად უყვართ), გვერდით დამიყენა, მასწავლა, მიმითითა, ამიხსნა და არასდროს დაზარებია პირადი მაგალითის, გამოცდილების უშურველად გაზიარება. ამ სწავლაში იყო რა თქმა უნდა შენიშვნა და კრიტიკა, იყო შექება და დიდი მადლობა – ასე იოლადაც არ გაუვლია ამ ყველაფერს,მაგრამ არც ერთხელ შეურაცხყოფა!!!!!ვიმეორებ,არც ერთხელ!!!!! რასაც ეს ბოლო დღეებია ვხედავ, იმაზე მეტია ვიდრე ამ აჟიოტაჟის მიზეზი! ამ დეტალებზე მე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ესეც გაივლის,მომავალში რაც იქნება ისიც! ისევ დაზამთრდება და ისევ მოვა გაზაფხული! მოდით, პირველი მან ისროლოს ქვა, ვინც უცოდველია!!! მემაყება რომ ჩემი მასწავლებელი გქვიათ! გაგიმარჯოთ ““,- წერს თანამშრომელი.

ილია მეორე

საზოგადოება 1775022854

რა დაუბარა პატრიარქმა სტუდენტებს - ემოციური ჩანაწერი

„როცა მცენარეს დარგავთ აუცილებლად უთხარით, გაიხარე და გამახარე“,- ასე დაარიგა პატრიარქმა სტუდენტები, რომელსაც ფლორისტი, ბოტანიკოსი ზურა შევარდნაძე იხსენებს.როგორც შევადნაძე წერს, პატრიარქი ხშირად რგავდა მცენარეებს ან ვინმეს სახელზე ან დღესასწაულთან დაკავშირებით.„შემოდგომაზე და გაზაფხულზე ხშირად ურეკავდა დედა თეკლეს, ხე მინდა დავრგო ამა და ამ ადამიანის სახელზე ან ამა და ამ დღის აღსანიშნავად, სტუდენტები მოიყვანეთ. აბა ვინ იტყოდა ასეთ თხოვნაზე უარს? შევარჩევდით ადგილს, ნერგს, მოვამზადებდით ორმოს, ჭიგოს, მობრძანდებოდა, სახე გაბრწყინებული და დავრგავდით, მოვრწყავდით.სტუდენტებს მოეფერებოდა და უსათუოდ იქ მყოფებს მიმართავდა: როცა მცენარეს დარგავთ აუცილებლად უთხარით, გაიხარე და გამახარე. ეს თქვენ გგონიათ რომ არ ესმის, მაგრამ ისიც ჩვენსავით ღმერთის გაჩენილია, ისიც ცოცხალია. გაიხარე და გამახარე, გაიხარე და გამახარე, გაიხარე და გამახარე“,- წერს ზურა შევარდნაძე.

„ზურა შევარდნაძე

საზოგადოება 1774793373

„რა კარგად გიმუშავიათ მაგრამ შენიშვნა მაქვსო...“ - რას იხსენებს ზურა შევარდნაძე ილია მეორეზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას გარდა ცნობილი პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა, სოციალურ ქსელში არაერთი ცნობილი ქართველი გამოეხმაურა.ამჯერად ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, ზურა შევარდნაძე უწმინდესთან ისტორიას იხსენებს:„მცხეთაში ძველი პატარა ტაძარია მგონი გეთსიმანია ქვია. იქაურობა განაახლეს, ეკლესია გადახურეს, მოაწსრიგეს და ბაღის დარგვა, მიხედვა უწმინდესმა ჩვენს სამებაღეო სასწავლებელს დაავალა. ზაფხული იყო ძალიან ცხელოდა, დედა თეკლესთან და სტუდენტებთან ერთად ვიმუშავეთ. ომი დაიწყო.. ტაძრის კურთხევა 9 აგვისტოს იყო დაგეგმილი. ეს ის დღეა ბომბების ხმა რომ გვესმოდა გორიდან. ძალიან ვიყავით დამფრთხალი და შეშინებული, უიმედობა ეტყობოდა ყველას.უწმინდესი თუ მოვიდოდა არავის ეგონა მაგრამ დათქმულ დროს მობრძანდა, მშვიდად, წყნარად თვალი მოგვავლო ყველას და დაგვლოცა. ტაძარი აკურთა, არ ჩქარობდა. მერე გარეთ გამობრძანდა, პატარა განახლებული ბაღი შემოარა და თვალებით გვიხმო დედა თეკლეს და მე, მადლობა გვითხრა რა კარგად გიმუშავიათ მაგრამ შენიშვნა მაქვსო, გავინაბეთ. ზეთისხილები დაგირგავთ ძალიან ახლო ახლოსო. არ შევწინააღმდეგებივართ რათქმაუნდა, ვუთხარი მხოლოდ რომ პატარა ნერგები გვქონდა, გვინდოდა დღევანდელ დღეს უკვე ლამაზად ყოფილიყო და ამიტომ დავრგით ასე ახლოახლო. არა ეგ კი მესმის მაგრამ ორასი წლის შემდეგ, სამასი წლის შემდეგ, განა ხელს არ შეუძლიან ერთმანეთს? ზეთისხილი ხომ ძალიან დიდხანს ცოცხლობს. იერუსალიმში, გეთსიმანიას ბაღში ქრისტესდროინდელი ხეები დღესაც ხარობენ.ეს ყველაზე სასიამოვნო შენიშვნა იყო რაც კი ოდესმე მიმიღია, დიდი იმედით სავსე სამ სიტყვიანი შემჩნევა. დარწმუნდა ყველა იქ მყოფი რომ მომდევნო სამასი წელი მაინც საქართვეოს არაფერი ემუქრება.ნერგები რასაკვირველია იმავე დღეს დავაშორიშორეთ“,- წერს ზურა შევარდნაძე.

ზურა

საზოგადოება 1774528920

ზურა შევარდნაძე პატრიარქის შესახებ სახალისო ისტორიას იხსენებს

საქართველოს ფლორისტი და მწერალი ზურა შევარდნაძე პატრიარქის შესახებ სახალისო ისტორიას იხსენებს. ,,ეპიზოდი 14.ოცჯერ მაინც უკითხავს:-ზურაბ თქვენ მარხულობთ არა?-არა თქვენო უწმინდესობავ მე არ ვმარხულობ.-თქვენ მარხულობთ არა?-არა არ ვმარხულობ.-დიდ მარხვაში ხორცს მიირთმევთ?-დიახ უწმინდესო, ექიმმა დამინიშნა.-მერე თქვენც მორწმუნე ექიმებთან იარეთ.ერთხელ სუფრასთან მკითხა ტრაპეზის დროს, სამი მეუფე იჯდა მაგიდასთან უცხო სტუმრებთან ერთად.-ზურაბ თქვენ მარხულობთ არა?-არა თქვენო უწმინდესობავ მე არ ვმარხულობ.-მეუფევ, ამ გურულს თავისი გულწრფელობა აცხონებს",- წერს ზურა შევარდნაძე. 

შევარდნაძე

საზოგადოება 1774112409

ამაზე ფსიქოლოგებმა და სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ... ჩემთვის პატრიარქმა უკვე მოახდინა პირველი სასწაული... - ზურა შევარდნაძე

მებაღე ზურა შევარდნაძე პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სახალხო გლოვას ეხმაურება. მისი თქმით, ის რაც ახლა სამებაში ხდება ჩვეულებრივი ამბავი არ არის.„მთელი ღამე იქ ვიყავი. ის რაც ახლა სამებაში ხდება არის იმაზე დიდი, ვიდრე ჩვენ გვგონია. ამაზე ალბათ ფსიქოლოგებმა და სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ. მაგრამ რაღაც უცნაური და ძალიან დიდი რომ ხდება ეს ფაქტია. პირველად მაქვს ჩემს ცხოვრებაში განცდა უდიდესი სევდის, უდიდესი ტკივილის, დანაკარგის მისი უწმინდესობის ჩვენთან ცოცხლად არ ყოფნის, მისი წასვლით, მაგრამ ამავე დროს უდიდესი სიხარულის, მარტო მას შეეძლო ასეთი რამე გაეკეთებინა. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს ამის შემხედვარე ბედნიერების განცდაც აქვს. ადამიანები გაუცნობიერებლად ფოტოებს იღებენ პანაშვიდის რიგში, ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი, მოსწონთ ადამიანებს თავისი თავი ამ მდგომარეობაში, თანაგრძნობის მდგომარეობაში. ზრუნავენ ერთმანეთზე, თურმე შეგვძლებია ერთად ყოფნა და ერთმანეთის სიყვარული, ჩემთვის უწმინდესმა უკვე მოახდინა პირველი სასწაული...ასეთი განცდა ჩემს ცხოვრებაში არასდროს მქონია, დიდი ტკივილი და დიდი სიხარულის.“ - ამბობს ვიდეოში ზურა შევარდნაძე.

zura shevardnadze

faceამბები 1773495629

„სასწაულზე მეტიც იყო ამის ნახვა... გვეჩვენებოდა ალბათ რომ ტიროდნენ კიდეც“ - რას წერს ზურა შევარდნაძე

ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, ზურა შევარდნაძე, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი​მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან. ამჯერად ზურამ სოციალურ ქსელში ახალი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბავშვობას იხსენებს და გაზაფხულის დადგომაზე წერს:„ჩემი ბავშვობისდროინდელ გურიაში ყველას სჯეროდა, რომ მერცხლების მოფრენას გაზაფხულზე მოაქ ოჯახიზა სიკეთე და ყორიფელი კაი. სახლზე მერცხალი რომ ბუდეს არ გეიკეთებს გლახას უნდა ელოდეს პატრონი.ჩვენი შუშაბანდის სარაბახი და პარმაღის მესამე, მოღუნული ქილიში ქონდათ ამოჩემებული, აპრილის ბოლოსკენ გამოჩნდებოდენ, გულმოდგინედ მოზელდენ ტალახს და იწყებდენ ბუდის შენებას. ხან მეკირიები დაესხმებოდენ თავს, წაართმევდენ სიმწრით ნაშენებს, ბოლომდე ამოქოლავდენ და დაისაკუთრებდენ.იმ წლის გაზაფხულზე ხარება დღეს მოფრინდნენ, ძველი ბუდე შეაკეთეს და მალევე დაჩეკეს ექვსი ბარტყი, ყველა დაზარდეს და დააფრთიანეს.ნაფერისცვალებევს გასაფრენად რომ ემზადებოდენ რატომღაც დედა მერცხალი ბუდეში რჩებოდა დღისით, იქიდან იმზირებოდა მოწყენილი. ბაბუამ თქვა რაცხა უჭირს თვარა ასე არ გაჩერდებოდაო, დავაკვირდით..აკითხავდენ სხვა მერცხლები, ბუდეზე ჩამოუსხდებოდენ, იყო ერთი ჟივილი, ის კიდევ უფრო მოიწყენდა, ბოლოს ბუდეში მთლად ჩაიმალა, თავიც აღარ უჩანდა.დადგა გაფრენის დღე, შეგროვდენ, მეზობლის სახლებიდან სხვა მერცხლებიც მოვიდნენ, ყველამ მოაკითხა იჟივლეს, იჟივლეს, უფრინეს ირგვლივ ჩვენს სახლს და ეზოს, ვერაფერს გახდნენ ან რა უნდა ექნათ, გაფრინდნენ.ბაბუამ სკამი დაიდგა, ავიდა და ბუდიდან ფრთამოტეხილი, მარტო დარჩენილი დედა მერცხალი ჩამოიყვანა, მიმინოს ყავს გამონაქცევიო დაადგინა. მარტო ჩვენ ბავშვებმა კიარა დიდებმაც იდარდეს. ბებიამ უიღბლა დაარქვა და გვითხრა: "რა ოჯახი ვართ ნენა ამდენმა სულმა ერ ჩიტს თუ ვერ მივხედეთ და ვეპატრონეთ არხეინათ იყავით აფერს არ გუუჭივრეფო."იმ დღიდან ჩვენი, ბაღნების მთავარი საზრუნავი, სადარდებელი, სიხარული და მწუხარება მხოლოდ უიღბლა გახდა. ბებიამ კვერცხის ცილა და კუპრის საპონი ათქვიფა, ჩემს ძველ ფეხსაცმელს ენა ამოგლიჯა, თხელი ტყავი ფრთის ფორმაზე გამოჭრა და ნარეცხი მიტკალით არტაშანი დავადეთ მტკივან ფრთაზე უიღბლას. ბაბუამ მომცრო ყუთი შეჭედა, ფუჩეჩით, რბილი თივით გამოვტენეთ და შიგ ჩავსვით. რძეში მოზელილი ჭადისგულის ბურთულებს ვაჭმევდით ერთხანს, ხან კვერცხისგულს ვუჩიტავდით. ორ კვირაში მოიკეთა, ძალა მოიკრიბა ფრთაც მოურჩა და შუშაბანდში გადავასახლეთ, კარების თავზე მივუმაგრეთ ყუთი. ფრთხილად გამოდიოდა, ფანჯრის რაფებზე შუშებთან შეგროვილ ბუზებზს დარაჯობდა.დაზამთრდა, ჩამოთოვა საყორნია, ტოლების და ბახმაროს მთებიც ჩამოათეთრა. უიღბლა მთლად დასევდიანდა, უმეტეს დროს ყუთში ატარებდა მხოლოდ წყლის დასალევად თუ გამოვიდოდა, ერთი ორი სიცივისგან დარეტიანებული ბუზი ჰყოფნიდა მთელი დღე, რას არ ვთავაზობდით მაგრამ ჩვენი მოტანილი არაფერი უნდოდა, ძალიან შეგვეჩვია, აღარ გვიფრთხოდა.გამარტებისკენ დღეები რომ დაგრძელდა, დათბა, გარეთაც დაიწყო სახლის ირგვლივ და ეზოში ფრენა. ტყემლები და ფრანგულა მსხლები რომ აყვავდა შუშაბანდი და ყუთი დატოვა, თავის ბუდეში გადასახლდა, ხალისიანი გახდა, ბუმბულიც გამოიცვალა.ბევრი ემოციებიანი, სიხარულით, სიცილ-ყიჟინით მონატრებული ადამიანების შეხვედრა მინახავს ამ 45 წლის მანძილზე მაგრამ არც მანამდე და არც მერე იმის მსგავსი არაფერი როგორიც მერცხლების შეხვედრა იყო იმ წლის გაზაფხულზე... როგორ ჟიოდნენ, ყველანი როგორ ჟიოდნენ, როგორ ეფერებოდნენ ერთმანეთს შუბლებით სასწაული და სასწაულზე მეტიც იყო ამის ნახვა. გვეჩვენებოდა ალბათ რომ ტიროდნენ კიდეც.ოთხი ბარტყი გამოჩეკა და გაზარდა იმ წელს უიღბლამ, დააფრთიანა, ნაფერსცვალებევს დიდი მადლიერებით სამი წრე დაარყეს ჩვენს ოდასახლს და სხვა მერცხლებთან ერთად გაფრინდა.გასათხოვი ყველა გავათხუეთ, მოსაყვანებმა ყველამ მოიყვანეს, შვიდი ბიჭი შვილი გაჩნდა მარტო ჩვენს სანათესაოში, თავიც არ წამოგვტკენია არცერთს, სულ ირიახო ურუახო ისმოდა ჩვენსას იმ წელიწადს“,- წერს ზურა შევარდნაძე.