დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
სოციალური ქსელის მომხმარებელი ფისო ნავროზაშვილი ავრცელებს ლეგენდარული მფრინავის, ზაურ ბედიას წერილს, სადაც ბედია საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლეს, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მიმართავს.
„ნება მომეცით, მოგმართოთ თქვენს ბიოლოგიურ შვილთან, ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით!
მე ვერ დავრჩები გულგრილი იმის მიმართ, რაც ხდება და რა მდგომარეობაშიც არის დღეს დიდი კონსტანტინეს შვილიშვილი, ჩვენი ქვეყნის პირველი და დღემდე განუმეორებელი, საქართველოს სულიერად აღმაშენებელი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას და თქვენი შვილი, ცოტნე გამსახურდია.
მე ვერ გავჩუმდები მისი გამოჯანმრთელების ხელისშემშლელ გარემოებებზე. მთელი საქართველო, ყველა ჭეშმარიტი ქართველი დღეს, ცოტნესთვის ლოცულობს. იმედია, უფალი შეისმენს ამ საყოველთაო ლოცვას, მაგრამ ღმერთიც ვერ გვიშველის თუ პირველ რიგში, საკუთარი დედა არ გაუწევს დედობას განსაცდელში მყოფ შვილს.
ვერასდროს წარმოვიდგენდი ამას. დაუჯერებელია, რასაც თქვენ აკეთებთ. (დედის ვალია, გაჭირვებაში შვილის გვერდით და პირიქით, შვილი დედის გვერდით იდგეს).
ალბათ, ვინმე გიბიძგებთ ასეთი მოქმედებისკენ, ან ჰიპნოზს გიკეთებთ. ისინი პირადად თქვენი და გამსახურდიების ოჯახის დაუძინებელი მტრები არიან. მე, ჩემს თავს ვაძლევ ამის თქმის უფლებას, რადგან დიდი წვლილი მიმიძღვის თქვენი და თქვენი შვილების სიცოცხლის გადარჩენაში! დიახ, თქვენ და თქვენი ღირსეული შვილები ცოცხლები რომ ხართ, ეს ჩემი დამსახურებაა. ამას არ გაყვედრით, ჰაერში, ცაში გამანადგურებელ ბომბდამშენებს შორის შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ ეს იყო: ან სიცოცხლე, ან სიკვდილი!
ამიტომ თქვენი ბიოლოგიური შვილები ჩემი სულიერი შვილებია, თქვენ კი, სულიერი და ამიტომ, ნუ გაახარებთ ჩვენი საერთო მტრების გულს. მე გეკითხებით: ბატონი ზვიადი ცოცხალი რომ იყოს, ცოტნეს ასე ხომ ვერ მოექცეოდით? თქვენ წინ ეღობებით და სასტიკად ებრძვით ინვალიდის ეტლში მყოფი ცოტნეს მამაპაპისეულ კოშკში დაბრუნებას, იქ, სადაც დაიბადა, სიარული ისწავლა, სადაც პირველმა შვილმა პირველად „დედა“ დაგიძახათ.
კოლხური კოშკი ხომ მისი მამის, დიდი ზვიადის (ანდერძით) დანატოვარია ცოტნესთვის და გიორგისთვის. მათთვის ხომ არსად არსებობს სხვა ჭერი და საცხოვრისი ამ დედამიწაზე. ამავე დროს, მინდა გამოვაცხადო, რომ თქვენ და ჩვენც მადლობა უნდა ვუთხრათ ქალბატონ ანა ჯაბაურს, რომ მძიმე მდგომარეობაში კი არ მიატოვა ძვირფასი ადამიანი, ძმებთან ერთად იბრძვის მისი სიცოცხლისთვის. იგი ცოტნესთვის თავდადებული მეუღლეა (მას დედა ტერეზას დავარქვი) რომელსაც ამოძრავებს მხოლოდ თქვენი შვილის ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლის შენარჩუნება და არავითარი მატერიალური დაინტერესება არ აქვს.(ოფიციალურად, სასამართლოთი დაადასტურა ეს).
მე და ყველა ჭეშმარიტი ქართველს თხოვნა გვექნება, რომ გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე თქვენს ბიოლოგიურ შვილს, ნუ შეუშლით ხელს ცოტნეს თავის საყვარელ მეუღლესთან ანა ჯაბაურთან ერთად თავის ოდა-ბადეში შესვლას. როგორც ექიმს, ძალიან კარგად მოგეხსენებათ თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის. (გასაკვირია, დედას ვეხვეწებოდეთ საკუთარი შვილის გადარჩენას.)
ჩვენ, მშობლებს რისთვის და ვისთვის გვინდა მატერიალური სიმდიდრე თუ არა, შვილებისათვის და შვილიშვილებისთვის. სად უნდა წავიდეს ცოტნე? სულ წეროვანის ჰოსპიტალში უნდა იყოს თქვენს გამო? სანამ დროა, სასამართლოებით დავას თავი დაანებეთ. ნუ აწუხებთ მოსამართლეებს, ყოველ წუთს მნიშვნელობა აქვს ცოტნესთვის და ნუ გაგყავთ დრო!
დიდი პატივისცემით: სოხუმის გაერთიანებული ავიახაზის ტუ-134 ხომალდის მეთაური, საქართველოს სახალხო მფრინავი ორესტი (ზაური) ბედია“. - ვკითხულობთ წერილში.