ჟენევაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ჟენევა

ჟენევაში, გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებითა და აჭარის მთავრობის და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შენობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა რევაზ ლომინაძემ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ.

გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ისტორიულ და სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე, ასევე აღინიშნა საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მიღწეული პროგრესი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, საერთაშორისო თანამშრომლობის, ეკონომიკური განვითარების და სხვადასხვა სფეროში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმების მიმართულებით.

ღონისძიებაზე მრავალფეროვანი პროგრამა წარმოადგინა აჭარის სახელმწიფო ვოკალურმა ანსამბლმა "ბათუმი", რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ქართული პოლიფონიისა და გალობის გამორჩეული კომპოზიციები გააცნო.