„ყოფილა სერიოზული ურთიერთობები, რამაც ამ დასკვნამდე მიმიყვანა...“ - ნატალია ყიფშიძე პირადზე

ნატალი ყიფშიძე

ყიფშიძეების ოჯახი სხვადასხვა მიზეზით, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ახლახან, ლენუკა ყიფშიძემ „პრაიმ ჰაუსში“ მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა, მანამდე, საზოგადოების განხილვის საგანი მისი ძმის, გიორგი ყიფშიძის პირადი ცხოვრება გახდა...

არც გიორგის შვილი, ნატალია რჩება ყურადღების მიღმა - ტაბლოიდები მისი პირადი ცხოვრების შესახებ მომზადებული სტატიებითაც აჭრელებულა. ალბათ, ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ ისიც მამა-პაპის კვალს გაჰყვებოდა და მსახიობად მოგვევლინებოდა, ან დედის, ქრისტი ყიფშიძის მსგავსად, მოდელი გახდებოდა, თუმცა, ამბობს, რომ კამერის მიღმა მუშაობა უფრო ხიბლავს და ცხოვრებაში სრულიად სხვა ინტერესები აქვს.

21 წლის სტუდენტს დიდი მიზნები აქვს, ამ ყველაფერზე კი „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.  ცხადია, დავინტერესდით მისი პირადი ცხოვრებითაც და არამარტო... 

ნატალია ყიფშიძე: ჩემი ყოველდღიურობა ერთნაირია. ბოლო კურსზე ვარ „ჯიპაში“, ციფრული მედიისა და კომუნიკაციის ფაკულტეტზე ვსწავლობ, წელს ვამთავრებ. პარალელურად, ვებ დიზაინის კურსებს გავდივარ. გადავწყვიტე, რომ მუშაობა ამ კუთხით გავაგრძელო. მინდა ეს პროფესია ჩემს ცხოვრებას დავუკავშირო, ფინანსური დამოუკიდებლობა მოვიპოვო და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ 1 წელი უცხოეთში ვიმოგზაურო. შემდეგ მინდა, რომ ბაკალავრი ხელახლა ავიღო და სარეჟისოროზე, უცხოეთში ჩავაბარო.

მსახიობობა არ მინდა... ამას 2 წლის წინ მივხვდი, როდესაც ჩემი მეგობრის მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებაზე ვმუშაობდი, მათ ვეხმარებოდი. მაშინ მივხვდი, რომ კამერის უკან ყოფნა ჩემთვის უფრო საინტერესოა, რადგან ვწერ, მინდა, რომ მომავალში სცენარისტი და რეჟისორი ვიყო. ჩემს ფილმში მამას და ბაბუას დიდი სიამოვნებით ვათამაშებდი.

სამოდელო კარიერაც არ ყოფილა პრიორიტეტული, ეს ჩემი ინტერესის სფერო არ არის. ძალიან მიყვარს, როცა ჩემს კრეატივს, სულს ვდებ ფილმში, წიგნში, რაიმეში, რაც ჩემს სულს უფრო კარგად გამოაჩენს. მიყვარს, როცა რაიმეში სიყვარულს ვდებ. რეალურად, სამოდელო სფერო არასდროს ყოფილა ჩემთვის მომხიბვლელი. სამოდელო კარიერა დედაჩემის სამუშაო სფეროა, ძალიან ვამაყობ მისით, რადგან საკუთარი თავი იქ იპოვა და თან ძალიან წარმატებულია

- რა ხდება პირად ცხოვრებაში, გყავთ რჩეული?

- პირადში არაფერი ხდება, მარტო ვარ. ეს სიმარტოვე ჩემი გადაწყვეტილებაა... მივხვდი, რომ 21 წლის ასაკში ჩემი თავის შეყვარებული ვიყო. რა თქმა უნდა, აქამდე ყოფილა სერიოზული ურთიერთობები და იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ ახლა საჭირო არ არის. რაც ჩემს თავს დროის დათმობა დავუწყე, ყველაფერი კარგად წავიდა. სანამ არ ჩამოვყალიბდები ბოლომდე როგორც პიროვნება, იქამდე საჭირო არ არის ურთიერთობა. 

ჩემთვის პრიორიტეტი სწავლა და კარიერაა. შეიძლება ცოტა ეგოისტური იყოს ეს ფაქტი, მაგრამ ერთხელ ვარ 21 წლის და მგონია, ეს 20-იანების დასაწყისი მაქსიმალურად, ჩემი თავის რეალიზებაში უნდა გამოვიყენო.

- თქვენი მამიდა, ლენუკა „პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონშია. როგორი რეაქცია გქონდათ, როცა მისი გადაწყვეტილების შესახებ შეიტყვეთ? 

- პირველად რომ მითხრა, ძალიან გაოცებული ვიყავი. წარმოდგენა არ მქონდა, რომ მსგავსს პროექტში მონაწილეობის მიღება უნდოდა. თუმცა, მანამდე მსგავსი გამოცდილება ჰქონდა, „კოდში“ იყო, რომელიც ძალიან განსხვავებული იყო ამ შოუსგან, რადგან პირდაპირი მნიშვნელობით, იქ სიცოცხლისთვის იბრძოდნენ. მგონია, რომ ლენუკა თავის იმ ჩვევებს წარმოაჩენს, რაც პირადად მე და ყველა იმ ადამიანს, რომელიც მის გარშემო, გვიყვარს. ლენუკა ძალიან მზრუნველი, მეგობრული და სამართლიანი ადამიანია. მგონია, რომ ამის გამო ყველა მონაწილეს თავს ძალიან შეაყვარებს. 

ვფიქრობ, მოგების შანსი აქვს. მისნაირი მებრძოლი ლიდერები შოუებში ამართლებენ. 

ლენუკასთან განსაკუთრებული, სულ სხვა ურთიერთობა მაქვს, ჩემს მეორე დედასაც ვეძახი ხოლმე. ის უბრალოდ მამიდა არა, ჩემი ყველაფერია. მის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ, ნახევარ ფინალში კი არა, ფინალში გავა და გაიმარჯვებს. 

- თქვენ თუ გქონიათ „პრაიმ ჰაუსში“ მონაწილეობის მიღების სურვილი? 

„პრაიმ ჰაუსისგან“ შეთავაზება 2-ჯერ მივიღე, თუმცა უარი ვთქვი. მე სხვანაირი პიროვნება ვარ, მიყვარს მარტოობა, ჩემი დრო, არ მიყვარს კამათი... ამ შოუში ალბათ საინტერესო არ ვიქნებოდი, რადგან კონფლიქტებს ყოველთვის თავიდან ვირიდებ. ნეგატივი ძალიან არ მიყვარს. პირველ რიგში, ამ შოუში კარგი ჩემი მენტალური ჯანმრთელობის გამო არ ვიქნებოდი. (იცინის)

- თქვენმა პოსტმა სოცქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - განიხილავენ, რომ თქვენი დედინაცვალი თქვენი ტოლია, ხოლო გიორგიზე 20 წლით უმცროსი... როგორი ურთიერთობა გაქვთ მამათქვენის მეორე ნახევართან? 

- ენი 25 წლისაა, მე 21-ის. სხვაობა ჩვენს შორის 4 წელია. არ მიკვირს, რომ საქართველოში ამას განიხილავენ, რადგან როცა ენი გავიცანი 18 წლის ვიყავი და ჩემთვისაც შოკი იყო. იმიტომ არა, რომ მამაჩემი მასზე ასაკით პატარა გოგოსთანაა ურთიერთობაში, არ ვიცნობდი. ჩემთვის ყველაფერი ყოველთვის მიუღებელია, თუ კარგად არ ვიცი. გაცნობის პირველივე დღიდან დავმეგობრდით. რეალურად, ძალიან კარგი და საინტერესო ადამიანია, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, არ მიყვარს ერთფეროვანი და უინტერესო ხალხი, განსაკუთრებით, მსგავსი ჩემს ოჯახში არ მინდოდა. როცა გავიცანი, მივხვდი, რატომ აირჩია მამაჩემმა ენი და პირიქით. თან ძალიან უხდებიან, ერთნაირი აზროვნება აქვთ. მე არ მიკვირს, ენი და მამას ასაკის მიუხედავად, საერთო ინტერესები და აზროვნება აქვთ. 

ჩემს სამეგობრო წრეში ყველა ჩემზე უფროსია. იმიტომ არა, რომ დიდობა მინდა, უბრალოდ ჩვენი აზროვნება ემთხვევა. ამიტომ არ მიკვირს - მამაჩემს ჰყავს საყვარელი ადამიანი, რომლის აზრიც მისას ემთხვევა. ასაკი უბრალოდ რიცხვებია, მთავარია, როგორი განვითარებული გაქვს გონება. 

ჩვენი საერთო ფოტოები მომეწონა და დავდე, ინგლისურ ენაზე [My step mom is better, than yours] უფრო კარგად ჟღერს, ქართულად ასეა: ჩემი დედინაცვალი შენსას სჯობს. ეს იყო ხუმრობა, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ხალხი მეუბნებოდა, დედაშენი უფრო მეტად რატომ არ გიყვარსო. დედა ყველაზე მეტად მიყვარს, გვერდით არავის დავუყენებ... უბრალოდ, მამაჩემის ცოლი ძალიან მიყვარს, ასევე მიყვარს ყოფილი ცოლი, ანი ჩიკვილაძე, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვმეგობრობთ. ასეთი აჟიოტაჟი ამ პოსტს არ უნდა გამოეწვია, მაგრამ არც მიკვირს.

- კრიტიკაზე როგორი რეაქცია გაქვთ ხოლმე?

- სიმართლე რომ გითხრათ, ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევთ. ადამიანები ჩემი ცხოვრებით რომ ინტერესდებიან, მნიშვნელობას აღარ ვანიჭებ. ბავშვობიდან და მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელები აქტუალური გახდა, ჩემს გარეგნობას აკრიტიკებდნენ ხოლმე. მადარებდნენ ჩემს ოჯახის წევრებს ძალიან ცუდი კონტექსტით. 11-12 წლის ასაკში ჩემთვის დიდი ამბავი იყო, ჩემზე ვიღაცამ ცუდი რაღაც თქვა-მეთქი, მაგრამ შემდეგ შევეგუე - არიან ადამიანები, რომლებიც კარგს მისურვებენ და ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ცუდს მისურვებენ. ძალიან კარგია, რომ ასეც არის. ჩემს ტვინში ეგ ხმები გავაჩუმე, რადგან ჩემი ინტერესის სფერო არ არის ის, რომ ვიღაც ადამიანს აქვს იმის დრო, რომ ვინმეს ნეგატივზე ვუპასუხო. ცუდ ენერგიებს არ ვიღებ.

შეიძლება ნაადრევი ასაკი იყო იმისთვის, რომ ამ ყველაფერს მივჩვეულიყავი, მაგრამ მივეჩვიე... რაც უნდა გააკეთო, ცუდის მოსურნეები მაინც იქნებიან, ამიტომ ეს ჩემი აზრის გამოხატვაში არ შემაჩერებს.