WIzz Air-მა საბორტო ჟურნალში აფხაზეთის ცალკე სახელმწიფოდ მოხსენიებისთვის ბოდიში მოიხადა

Wizz Air

ავიაკომპანია Wizz Air-მა საბორტო ჟურნალში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის, აფხაზეთის ცალკე სახელმწიფოდ მოხსენიებისთვის ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

,,გვინდა ბოდიში მოვიხადოთ საბორტო ჟურნალში გაპარული სამწუხარო შეცდომის გამო და გითხრათ, რომ ჟურნალის ონლაინ ვერსიაში შეცდომა უკვე გასწორებულია, ხოლო ბეჭდური ვერსია მთლიანად ჩანაცვლდება ტექსტისა და რუკის შესწორებული ვარიანტით რაც შედარებით მეტ დროს მოითხოვს. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ავიაკომპანია WIZZ AIR-ს არ აქვს შეხება ჟურნალის შინაარსობრივ ნაწილთან, მასზე მუშაობს დამოუკიდებელი სარედაქციო და საგამომცემლო ჯგუფი, თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას მომხდარის გამო და აღვნიშნავთ, რომ მუდამ ვრჩებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერებად“, - ციტირებს აეროპორტების გაერთიანება განცხადებას.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აღნიშნავენ, ეს შეცდომა უკვე გამოსწორებულია ჟურნალის ონლაინ ვერსიაში.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, საგარეო საქმეთა სამინისტროს და უნგრეთში საქართველოს საელჩოს უშუალო ჩართულობით, ავიაკომპანიამ აღნიშნული უხეში შეცდომა ონლაინ ვერსიაში უკვე გამოასწორა. მიმდინარეობს მუშაობა ბეჭდურ ვერსიაში ჩასწორებასთან დაკავშირებით. ასევე, ავიაკომპანიამ მედიის საშუალებით ბოდიშიც მოიხადა. ჩვენთვის, როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანიისთვის და ავიაკომპანია WIZZ AIR-ის სტრატეგიული პარტნიორისთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - წერს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება FACEBOOK-ზე.