1788256709
„Wanderlust-ის აღიარება იმ სწორად დაგეგმილი კამპანიების შედეგია, რასაც ყოველწლიურად ვახორციელებთ“ - მაია ომიაძე
საერთაშორისო ტურისტული გამოცემის, Wanderlust Magazine-ის მიერ საქართველოს სექტემბრის ტოპ-20 მიმართულებას შორის დასახელებას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ეხმაურება. მაია ომიაძის განცხადებით, ავტორიტეტული მედიაპლატფორმების რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციები იმ მიზანმიმართული მარკეტინგული სტრატეგიის შედეგია, რასაც ადმინისტრაცია საერთაშორისო ბაზრებზე ყოველწლიურად ახორციელებს.
„ბოლო წლებში საქართველო სულ უფრო პოპულარული მიმართულება ხდება საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე და რეიტინგებში მოწინავე ადგილებს იკავებს. ამჯერად საქართველო სექტემბრის საუკეთესო ოცეულში ისეთ რეპუტაბელურ ტურისტულ მედიაპლატფორმაზე მოხვდა, როგორიც Wanderlust Magazine-ია, ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორებიცაა არგენტინა, იაპონია, ჩინეთი, გერმანია... გამოცემა თავის მკითხველს ურჩევს, აუცილებლად იმოგზაუროს საქართველოში და აღმოაჩინოს ახალი მიმართულებები: იქნება ეს კულტურული თუ სათავგადასავლო ტურიზმი, გასტრონომია თუ ღვინო. ჩვენთვის ეს შედეგი სწორედ იმ მიზანმიმართული კამპანიებისა და სწორად გაწეული შრომის აღიარებაა, რასაც ყოველწლიურად ვახორციელებთ“, - აღნიშნავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
ტურისტულმა გამოცემამ Wanderlust-მა საქართველო სექტემბერში სამოგზაუროდ რეკომენდებულ 20 საუკეთესო მიმართულებას შორის ისეთ ქვეყნებთან ერთად დაასახელა, როგორებიცაა იაპონია, კანადა, არგენტინა, პორტუგალია, ჩინეთი და გერმანია. გამოცემა ოფიციალურ Instagram-გვერდზე მომხმარებლებს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ პლატფორმა georgia.travel-ზე ამისამართებს, სადაც მოგზაურობის მსურველები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ.
ჟურნალის შეფასებით, სექტემბერი იდეალური დროა ახალი შთაბეჭდილებებისა და მრავალფეროვანი თავგადასავლების მაძიებელთათვის.










