„ვხვდებოდი, რაღაცას ამზადებდა, მაგრამ ბეჭედი რომ გამომიწოდა, ხუთი წამი გაკვირვებული ვუყურებდი...“ - გერმანიაში წარმატებული პიანისტი სვანეთის მთებში დანიშნეს

orjanel

ნინა ორჯანელს „პრაიმტაიმის“ მკითხველი იცნობს. ნინა გერმანიაში წარმატებული პიანისტია. გარდა ამისა, ის იქ ქართულ სამზარეულოს უწევს პოპულარიზაციას და მეტსაც გეტყვით, გერმანელები სვანურ მარილზე „შესვა“.

ქალაქ ბრემენში მცხოვრები ნინა საკუთარ თავს ორი კულტურის ელჩად მიიჩნევს. თავის კვებისა და ივენთკომპანიას 2017 წლიდან მართავს.

ბრემენელები ქართული ბრენდის მიერ მომზადებულ კერძებს ასე ახასიათებენ: ყველა ლუკმა არომატის აფეთქებაა! გემოს – ნივრის, ქინძის, წიწაკის და ბევრი ცოცხალი მწვანილის ნაზავი ქმნის, ისევე როგორც, სვანური მარილი და ნიგოზი.
დიახ, არ მოგეჩვენათ – სვანური მარილი, რომელსაც სვანური ფესვების ნინა, გერმანიაში თავგამოდებით უწევს პოპულარიზაციას.

მოკლედ, ნინა ახლა საქართველოშია, გერმანელი ტურისტები ჩამოიყვანა, სვანეთის ეშხით აგიჟებს და მოულოდნელად, საყვარელმა მამაკაცმა მშობლიურ მთებში ხელი სთხოვა! 

მახო მარგველანი ყოფილი მოკრივე და ფიტნერს ტრენერია. მახო ნინას კომპანიაში ტურიზმის განხრით მუშაობს. წყვილმა გერმანელებისთვის კულინარიული ტურიზმი დაამატა.

მოკლედ, ასეთ საქმიან ვითარებაში იყვნენ, მახომ ნინას ხელი რომ სთხოვა. ემოციებს ნინა „პრაიმტაიმს“ უზიარებს.

ნინა ორჯანელი: - ვხვდებოდი, რომ რაღაცას ამზადებდა, ქალური ინტუიცია მკარნახობდა. თუმცა კონკრეტულად იმ დღეს არ ველოდი. მაინც სპონტანური იყო, როდესაც ქორულდზე მთხოვა ხელი.

ქორულდზე საკმაოდ ექსტრემალური გზებია, ისედაც აღელვებული ვიყავი და უცებ მახომ რომ ბეჭედი გამომიწოდა, ხუთი წამი გაკვირვებული ვუყურებდი. ემოციების გამოხატვა მიჭირს, მრცხვენია...

თან მეგობრებისა და გერმანელი ტურისტების თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი. იყო ქართულ-გერმანული შეძახილები, არაფერი გამიგონია, მხოლოდ ხელი გავუწოდე. 

მე და მახო ერთად დავბრუნდებით გერმანიაში. მახო ისწავლის და პარალელურად ტურიზმის განვითარების კუთხით გააგრძელებს მუშაობას. ეს ტურიც მისი დაგეგმილია, გერმანელები რომ აღფრთოვანებაში მოიყვანა. სტუმარმასპინძლობამ, ბუნებამ და სამზარეულომ გააოცა.

ერთი ცოლ-ქმარი ზემო სვანეთში, კალაში აღელვებისგან სულ ტიროდა. მთელ მსოფლიოში ვართ ნამყოფი და ასეთი სტუმარმასპინძლობა არსად გვინახავსო...