„ვივამედში“ აცხადებენ, რომ კვლევების შემდეგ გადაწყდება, დატოვებს თუ არა მზია ამაღლობელი კლინიკას

ზურაბ ჩხაიძე

მზია ამაღლობელს აქვს წონის კლება, მაგრამ კონკრეტულ ციფრს ვერ დაგისახელებთ, დამოუკიდებლად გადაადგილდება, პაციენტი აბსოლუტურად ადეკვატურია, კონტაქტურია, დახმარების გარეშე, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მზია ამაღლობელის კვლევები გრძელდება, ის კონსულტირდება სხვადასხვა პროფილის ექიმის მიერ, კლინიკის დატოვების შესახებ რეკომენდაცია კვლევების შედეგებზეა დამოკიდებული.

„მზია ამაღლობელი ჩვენს კლინიკაში გუშინ,17:00 საათზე შემოვიდა გეგმურად. მას წინასწარ დაგეგმილი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები ჩაუტარდა. კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ დამატებითი კვლევებიც გახდა საჭირო. გარდა ამისა, ის კონსულტირებულ იქნა სხვადასხვა სპეციალობის ექიმის მიერ. მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, შემდგომი გართულებების პრევენციის მიზნით, დამხმარე თერაპიული ღონისძიებების ჩატარება დაიწყო, რაზეც მან თანხმობა განაცხადა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ თანხმობა განაცხადა. დეტალებზე მეტს ვერაფერს გეტყვით, დიაგნოზი იცით, ადამიანი 26 დღეა, შიმშილობს, თუ არ ვცდები. მას აქვს დიაგნოზიდან გამომდინარე დამახასიათებელი ჩივილები. არის წონის კლება, მაგრამ კონკრეტულ ციფრს ვერ დაგისახელებთ, დამოუკიდებლად გადაადგილდება, პაციენტი აბსოლუტურად ადეკვატურია, კონტაქტურია, დახმარების გარეშე“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მისი თქმით, მონიტორინგის პროცესი გრძელდება.

„ამ პროცესში რაც გამოიკვეთება, თუ რაიმე დამატებითი კვლევა იქნება საჭირო, პაციენტს ყველაფერი ჩაუტარდება. ახლაც კონსულტირდება სხვადასხვა სპეციალისტის მიერ, დღის განმავლობაში ვნახავთ, ხვალ მდგომარეობას შევაფასებთ და გადაწყდება მისი შემდგომი მკურნალობა. დატოვოს თუ არა კლინიკა, ეს რეკომენდაცია დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.