სააპელაციო სასამართლო გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს

გიორგი ბაჩიაშვილი

სააპელაციო სასამართლო გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ, 12:00 საათზე გამოაცხადებს. მანამდე კი სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია რამდენიმე საათის განმავლობაში ისმენდა მხარეთა დასკვნით პოზიციებს. დიდი ოდენობით თანხების მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში მსჯავრდებულმა ბაჩიაშვილმა სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციის განაჩენი გაასაჩივრა. საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს ბიძინა ივანიშვილს, რომლის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და ფულის გათეთრებისთვის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მეორე ინსტანციაში ადვოკატები დღეს მთელი დღე იმის დამტკიცებას ცდილობდნენ, რომ ბრალდებული უსამართლოდ იდევნება.

პირველი ინსტანციის მსგავსად, ბაჩიაშვილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოშიც ამტკიცებდნენ, რომ მაინინგში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაბანდებული 5 მილიონი, თითქოს იყო მხოლოდ სესხი და არა ინვესტიცია, საიდანაც ინვესტორს კონკრეტული მოგება უნდა მიეღო. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის თავად გიორგი ბაჩიაშვილის ელექტრონული მიმოწერით კი დგინდება, რომ ინვესტიციის საერთო მოცულობა 6 მილიონ-ნახევარ დოლარს შეადგენდა, საიდანაც 5 მილიონი ივანიშვილის, მილიონ-ნახევარი კი ბაჩიაშვილის შენატანი იყო.

თავად გიორგი ბაჩიაშვილმა ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას ინტერპრეტაცია უწოდა. განსასჯელმა პროკურატურის მტკიცებულებების საპირისპიროდ კვლავ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, ციხეში მხოლოდ იმიტომ ზის, რომ “გლობალური ომის პარტიის“ თეორიას არ იზიარებდა.

მსჯავრდებულის პოლიტიკურ განცხადებებს სპეკულაციად აფასებს ბრალდების მხარე. პროკურორი ამბობს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებები რეალობას აცდენილია და მსჯავრდებული, ხშირად, საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგება.

სააპელაციო სასამართლო ბაჩიაშვილის საქმეზე, რომელიც დიდი ოდენობით თანხების მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას უკავშირდება, გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.