ვის რამდენით ეზრდება ხელფასი, პენსია და სოციალური დახმარება - ცვლილებები იანვრიდან ამოქმედდება

puli

პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, მომავალ წელს საჯარო სექტორში ხელფასები 10%-ით გაიზრდება, უსაფრთხოების სამსახურის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამშრომლებს კი ხელფასი 20%-ით მოემატებათ.

2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით გათვალისწინებულ დაფინანსებაზე. მისი თქმით, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება მომავალ წელს იზრდება 370 მილიონი ლარით და 2 მილიარდ 550 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის:

სკოლამდელი განათლების დაფინანსება შეადგენს 490 მილიონ ლარს - გათვალისწინებულია საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასების 100 ლარით ზრდა;

ზოგადი განათლების დაფინანსება შეადგენს 1 მილიარდ 655 მილიონ ლარს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება:

სტატუსის მქონე მასწავლებელთა, ასევე, სპეც. მასწავლებელთა დანამატის ზრდა 125 ლარით;

სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა;

სკოლის მანდატურის ხელფასების ზრდა 125 ლარით;

სკოლის ფსიქოლოგებისა და სოც. მუშაკების ხელფასების 10%-იანი ზრდა;

სკოლის მასწავლებელთა დეკრეტული შვებულების 6 თვის ხელფასის დაფინანსება;

იწყება 500 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რისთვისაც 2023 წელს გათვალისწინებულია 300 მილიონი ლარი;

პროფესიული განათლების დაფინანსება შეადგენს 155 მლნ ლარს:

გათვალისწინებულია მასწავლებელთა საათობრივი ანაზღაურების ზრდა 15-დან 18 ლარამდე;

ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 55 მილიონ ლარზე მეტი;

უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე მიიმართება 250 მილიონ ლარზე მეტი.

2023 წლის ბიუჯეტის პროექტით იზრდება პენსია და სხვადასხვა სოციალური დახმარებების ოდენობა.

სოციალური მიმართულება - პენსიები და სოციალური დახმარებები

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 770,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია:

70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 65 ლარით და განისაზღვრება 365 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარს გაუტოლდება;

70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 295 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარს გაუტოლდება;

გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 65 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 35 ლარით;

გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივნისიდან 150 ლარამდე გაზრდილი ბავშვთა სოციალური დახმარების სრული წლის დაფინანსება;

დევნილთა სახლების უზრუნველყოფის კუთხით იწყება 7 000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, რისთვისაც 2023 წელს გათვალისწინებულია 250,0 მლნ ლარზე მეტი.