ვინც სწორ მხარეს არ იდგა შერცხვება - თამარ ჩერგოლეიშვილი

“ტაბულას„ რედაქტორი

„ტაბულას რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის საქალაქო სასამართლოში წარმოთქმულ სიტყვას გამოეხმაურა, რომელიც 5 ივლისის მოვლენებს ეხებოდა. 

ჩერგოლეიშვილის თქმით, ეს აქცია აუცილებლად შემორჩება ისტორიას და ის ვინც არასწორ მხარეს იდგა აუცილებლად შერცხვება ამ მოვლენების გამო.

„17 მაისი, 20 ივნისი და 5 ივლისი - ამ აქციების შინაარსი აუცილებლად ისტორიაში დარჩება და ვინც სწორ მხარეს არ იდგა, 20 წლის მერე შერცხვება - დასამალი ექნება“,- წერს ჩერგოლეიშვილი.

ოპერატორმა დღევანდელ სასამართლოზე განაცხადა, რომ  5 ივლისის მოვლენების შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.

“ყველაფერი შემეცვალა ცხოვრებაში. სამსახურში პრაქტიკულად ფუნქცია დაკარგული მაქვს, დაკისრებულ მოვალეობას ვერ ვასრულებ, მაქსიმუმ, Live-ჩართვა გავაკეთო. ბატონო მოსამართლე, კიდევ ერთხელ გთხოვთ, ვინც ჩემზე იძალადა, უმკაცრესად იყოს დასჯილი, უამრავ აქციაზე მაქვს ნამუშევარი, მაგრამ მსგავსი არასდროს ყოფილა. თქვენ ვერასდროს წარმოიდგენთ, რა მდგომარეობაში ვარ ახლა“, - განაცხადა ილია თვალიაშვილმა.

შეგახსენებთ, 5 ივლისს რადიკალურმა დაჯგუფებამ  მედიის წარმომადგენლებს სცემა, რომლებიც ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. ცემიდან ერთი კვირის შემდეგ „TV პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ამავე  დღეს, ამავე ძალებმა ქუჩაში მიმავალი უცხო ქვეყნის მოქალაქე პირსინგის გამო დაჭრეს.