პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სარჩელი უკვე სასამართლოშია - ძმები გამსახურდიების ადვოკატი "კურიერთან" ადასტურებს, რომ პირველი პრეზიდენტის შვილები მანანა არჩვაძისთვის დედობის უფლების ჩამორთმევას ითხოვენ. მორალური და ფსიქოლოგიური წნეხი წლების განმავლობაში - ეს გახდა მიზეზი, რის გამოც, გიორგი გამსახურდიამ მისი და მისი ძმის სახელით სასამართლოს მიმართა.
თავად გიორგი გამსახურდია ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. დედასთან დამოკიდებულების შესახებ მან განცხადება ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
სასამართლოში შეტანილ სარჩელს თან ერთვის არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ცოტნე გამსახურდიას მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული წერილები, სადაც ის მანანა არჩვაძეს გამსახურდიების ოჯახის განადგურებაში ადანაშაულებს. სამწლიანი მკურნალობის შემდეგ, ცოტნე გამსახურდია ახლაც წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრშია და დედის გადაწყვეტილებით, კოლხურ კოშკში დაბრუნებას ვერ ახერხებს.
დეტალებზე საუბარი არ სურს, თუმცა ახალი სასამართლო დავის შესახებ ინფორმაციას გვიდასტურებს ცოტნე გამსახურდიას მეუღლეც. ანა ჯაბაური ამბობს, რომ პირადადაც არაერთხელ გამხდარა მანანა არჩვაძის და მისი მომხრეების თავდასხმის ობიექტი.
მანანა არჩვაძის შვილებთან დამოკიდებულებაზე საუბარია კონსტანტინე გამსახურდიას მიერ ახლახან გამოცემულ წიგნშიც, სადაც პირველი პრეზიდენტის და მისი ოჯახის შესახებ დღემდე ბევრისთვის უცნობი დეტალებია აღწერილი.
ჩამოართმევს თუ არა სასამართლო პირველი პრეზიდენტის მეუღლეს დედობის უფლებას? - გადაწყვეტილება ჯერ უცნობია. თავად მანანა არჩვაძემ დღეს "კურიერის" კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
გამსახურდიების ოჯახში ეს პირველი სასამართლო დავა არ არის. შვილების სარჩელის საფუძველზე მანანა არჩვაძეს კოლხურ კოშკზე ქონებრივი უფლებები უკვე ჩამოართვეს.