1728112394
VIDEO: „საქართველოს ბანკი“ განცხადებას ავრცელებს ბებოს შესახებ, რომელიც ფილიალს რამდენიმე კვირა აფარებდა თავს
„საქართველოს ბანკი“ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
„მოგესალმებით, გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ პოსტს.
საქართველოს ბანკს 7000-ზე მეტი ადამიანი ქმნის, ყველას გვყავს ბებია, ბაბუა, ასაკოვანი მშობელი. ჩვენთვის ყველა ასეთი ადამიანი გულთან ძალიან ახლოს მისატანია და ყოველთვის ვცდილობთ, რომ უყურადღებოდ არ დავტოვოთ.
ბებო, რომელიც ჩვენს ფილიალში რამდენიმე კვირა აფარებდა თავს, თანამშრომლებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
ჩვენ გუშინ ღამევე ვესაუბრეთ პოსტის ავტორს და ავუხსენით, რომ ბებოსადმი მსგავსი მოპყრობა ჩვენს ყველა ღირებულებას სცდება და ღამევე დავიწყეთ საკითხის მოკვლევა. მივედით ფილიალში, შევამოწმეთ კარი, ვნახეთ კამერების ჩანაწერები. რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ავტომატურ და სენსორულ რეჟიმზე მომუშავე კარის სისტემა იყო არეული და პერიოდულად რჩებოდა ღია. მომხმარებლები ბარათის საშუალებითაც ვერ შედიოდნენ ფილიალში.
ჩვენთვის ძალიან მტკივნეული და მიუღებელია მიუსაფარი ადამიანი დატოვო ღია ცის ქვეშ, ყინვაში. სამწუხაროა, მაგრამ ასეა - საქართველოს ბანკის ფილიალებში წლებია ადამიანები ყოველდღიურად პოულობენ ღამის გასათევს, როგორც თავშესაფარს. თითოეული ასეთი ადამიანის უკან მათი ისტორია და სულიერი ტკივილია.
გულსატკენია იმის დაშვებაც კი, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, გამიზნულად ღამე ყინვაში დატოვა მოხუცებული ბებო“,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ბანკში მოხუცი ქალბატონი აფარებდა თავს, რომლის ფოტოც თავიდან აკა სინჯიკაშვილმა გაავრცელა. მოგვიანებით გავრცელდა ფოტო, სადაც მოხუცი ფილიალში აღარ იყო, შესასვლელი კარები კი ღია იყო დატოვებული.