VIDEO: „პირველად იყო მაშინ, როდესაც მე ჩემზე უფროს ადამიანთან დავკარგე ასაკობრივი ზღვარი...“ - ნუცა კუხიანიძე

ნუცა ლევანის იხსენებს

მსახიობი ნუცა კუხიანიძე „პრაიმტაიმს“ გულწრფელად ესაუბრა ლევან აბაშიძის შესახებ, რომელიც ომის ლეგენდად იქცა.

„გორგილაძის აუტანელ სიმსუბუქეში“ მან კიდევ ერთხელ გაიხსენა ლევანთან უკანასკნელი შეხვედრა...

„ლევან აბაშიძესთან მიმართებაში დროის აღქმა დაკაგული მაქვს, ლევანი მეხსიერებაში სულ არის. მან ჩემ ცხოვრებაში დიდი რამ განაპირობა. მკაფიო გზა გამოკვეთა.

პირველად რომ ვნახე, მახსოვს, მისმა აურამ იქონია დიდი გავლენა. 9 წლის ვიყავი. უშუალო შეხვედრა იყო.

სანამ გადაღება დაიწყებოდა, გიო მგელაძემ ლევანის გასაცნობად მასთან სახლში მიმიყვანა. ეზოში რომ შევედით, სახლამდე მწვანე ხეივანი ჰქონდა. ლამაზი ადგილი იყო და ჯერ ამით მოვიხიბლე.

ლევანი ახალგაღვიძებული, თმააჩეჩილი გამოვიდა. თავისი ოქროსფერი თმით და შორტით, მწვანე “მაიკით.” გამოანათა, გამიცინა და ჩამეხუტა.

უცებ ულამაზესი ადამიანი დავინახე. მერე დავმეგობრდით, როგორც შეიძლებოდა 29 წლის მამაკაცსა და 9 წლის გოგონას ემეგობრა.

გადაღებების გამო თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა ლევანთან. მერე, ომში წასვლამდე ჩემს აგარაკზე ამოვიდა, ახალდაბაში. როგორც “არა, მეგობაროში” გამოიყურება ზუსტად ისე, თეთრი “საროჩკით” და ლურჯი ჯინსით.

ეს თურმე ბოლო შეხვედრა იყო მასთან. მახსოვს, რაღაცაზე ბავშვურად გავებუტე და ოთახში შევედი. ლევანი უკვე მიდიოდა, მე არ გამოვდიოდი ჩემი ოთახიდან და ხის ჟალუზიდან ვუთვალთვალებდი.

პოზიციას არ ვთმობდი, არ გავდიოდი მასთან, ხასიათიანი ბავშვი ვიყავი. ის მიდიოდა და შორიდან ხელს მიქნევდა. ეს იყო ბოლო კადრი. თურმე ხელის დაქნევით საბოლოოდ დამემშვიდობა. ორ კვირაში დაიღუპა.

ლევანის დაღუპვა ჩემთვის პირველი სიყვარულის მოტანილი პირველი შოკი იყო. არ ვიცოდი, რას ნიშნავს გარდაცვალება. პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში ამის აღქმა. მახსოვს, რომ ძალიან განვიცადე.

სიყვარული იყო, აბა, რა იყო? ამდენი ხანი რომ მაქვს მეხსიერებაში დარჩენილი… მხოლოდ სიყვარულს შეუძლია უკვდავებაში გადავიდეს.