ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
1732287233
ჯანსაღი კრიტიკა თუ შეურაცხყოფა - ეს კითხვა კიდევ ერთხელ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სოციალური ქსელის ერთ-ერთი დახურული ჯგუფიდან "კურიერმა" თეოლოგების ნაწილის მიმოწერა მოიპოვა. ფეისბუქის ჯგუფში, რამდენიმე თეოლოგი საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მათ შორის მაღალი რანგის სასულიერო პირებს, სინოდის წევრებს და კათოლიკოს პატრიარქს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს. მიმოწერით ირკვევა, რომ ამ კუთხით განსაკუთრებით აქტიურობს სულხან-საბას უნივერსიტეტის დეკანი, თეოლოგი გოჩა ბარნოვი.
სასულიერო პირებისთვის თეოლოგთა ერთი ნაწილის, განსაკუთრებით კი გოჩა ბარნოვის დამოკიდებულება მოულოდნელი არ ყოფილა. მათი თქმით, გარკვეული ჯგუფი უკვე წლებია მიზანმიმართულად და კოორდინირებულად ეწევა ეკლესიის დისკრედიტაციას. გინება, შეურაცხყოფა და დაცინვაც ამ კამპანიის ნაწილად მიაჩნიათ. მღვდელმსახურებისთვის განსაკუთრებით მიუღებელია მსგავსი ლექსიკის და პოზიციის მქონე პედაგოგების ურთიერთობა სტუდენტებთან.
მიმოწერის ერთ-ერთი ადრესატი ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი იოანეა, ის "კურიერთან" ამბობს, რომ ეკლესიის შეურაცხმყოფელი კამპანია მიზანმიმართულად ხორციელდება.
"კურიერი" იმ სასწავლო დაწესებულების პოზიციითაც დაინტერესდა, სადაც გოჩა ბარნოვს დეკანის თანამდებობა უკავია. სულხან-საბას უნივერსიტეტში კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. თეოლოგთა მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს კრიტიკა ჯანსაღ დისკუსიას კარგა ხანია გასცდა და ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაში გადაიზარდა.
თეოლოგთა ნაწილი კოლეგებს ტერმინოლოგიას უწუნებს, განსაკუთრებით მათ ვისაც სტუდენტებთან ყოველდღიური შეხება აქვს და მათი რელიგიური განათლებით არის დაკავებული.
ჯერ უცნობია, დაინტერესდება თუ არა სულხან-საბას უნივერსიტეტი სასწავლებლის დეკანის ლექსიკით და გამოეხმაურება თუ არა მიმოწერის გასაჯაროების შემდეგ მაინც საკუთარი პედაგოგის შეფასებებს.