1728589908
VIDEO: „დისლექსია თუ გაგიგიათ? მე ვარ დისლექტიკი“ - გურამ კაშია
მთელი ბავშვობა კომპლექსი მქონდა და სპორტსმენი რომ არ ვყოფილიყავი, ახლაც არ მეცოდინებოდა, რომ დისლექტიკი ვარ, - ამის შესახებ წარმატებულმა ქართველმა ფეხბურთელმა გურამ კაშიამ განაცხადა.
„დისლექსია თუ გაგიგიათ? კითხვის პრობლემა ვისაც აქვს, აი, მე ვარ დისლექტიკი. მთელი ბავშვობა ჩემი თავი შტერი, გაუნათლებელი მეგონა. ყველა მასწავლებელი მაგას მეუბნებოდა. ხმამაღლა კითხვა არ შემიძლია, ასოები მერევა. მთელი ბავშვობა კომპლექსი მქონდა. სანამ ჰოლანდიაში არ წავედი და იქ ინგლისურის სწავლა არ დავიწყე... მასწავლებელმა მითხრა, შვილო, წადი, დისლექსიაზე შეემოწმეო. საერთოდ არ ვიცოდი, ეგ რა სიტყვა იყო. სპეციალური უნივერსიტეტია და იქ ლექციები გავიარე.
საქართველოს მოსახლეობის 14%-ს დისლექსია სჭირს, საქართველოში რამდენი სკოლა იქნება? სპორტსმენი რომ არ ვყოფილიყავი, ახლაც არ მეცოდინებოდა, რომ დისლექტიკი ვარ.“ - ამბობს კაშია.
ნახეთ ვრცლად ↓
როგორ ამოვიცნოთ დისლექსია
დისლექსია არის სწავლის უნარ-ჩვევების დარღვევის სახეობა, რომელსაც გააჩნია ნევროლოგიური ბუნება. ის ხასიათდება წერის (დისგრაფია), კითხვის (დისლექსია) და ანგარიშის (დისკალკულია) უნარის დარღვევით. ადამიანს შეიძლება ახასიათებდეს ჩამოთვლილი დარღვევებიდან მხოლოდ ერთი, ორი ან სამივე ერთდროულად. დღეს ეს სამივე სახეობა დისლექსიის სახელწოდებით ერთიანდება, თუმცა თითოეულს, როგორც აღვნიშნეთ,, აბსოლუტურად სხვადასხვა ფუნქციური დარღვევები ახასიათებს.
დისლექსია არ არის დაავადება. იგი გულისხმობს განსხვავებულ ფსიქიკურ შესაძლებლობებს და დასწავლის განსხვავებულ კანონზომიერებას. დისლექსია არც დაბალი ინტელექტის შედეგია. იგი არც ქცევით, არც მოტივაციურ ან სოციალურ პრობლემას არ წარმოადგენს.