VIDEO: ამაზე უარეს ადგილებში ვარ ნამყოფი და ნამუშევარი და ვიცი, რასაც ვამბობ - რა ვიდეოს აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე

giorgi pkhakadze

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე იხსენებს იმ საწყის ეტაპს, როდესაც მისი ოცნება ქუთაისში, საღორის საავადმყოფოში ქირურგად მუშაობა იყო.

პროფესორმა სოციალურ ქსელში გააზიარა ვიდეო, რომელიც იმ ყოფას ასახავს, რომელშიც უკიდურესად მძიმე პირობებში მცხოვრები ბავშვები არიან ასახული.

გიორგი ფხაკაძე ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს:


„ევროსაბჭოში მუშაობა ძალიან მინდოდა. იქ სამუშაოდ ჩემი დიპლომები არ ჭრიდა. ევროკავშირის დიპლომი უნდა მქონოდა. წავედი ბუქარესტში, მეორე სადოქტოროზე, ბუქარესტში ჩავაბარე, CV-ში არ ვწერ, რომ არ თქვან, ვერ არის ჭკუაზეო, ორს ვინ წერსო. რუმინეთში სტრესი მქონდა, ვერ ვმუშაობდი. სწავლობ, სწავლობ და გრძნობ, რომ თავი გისკდება და შეიძლება აგიფეთქდეს. საქართველოს მაგონებს – მინდა რაღაც გავაკეთო და ვერ ვაკეთებ.

შემდეგ სხვადასხვა ორგანიზაციაში გავაგზავნე CV. გასაუბრება უცნაურ ადგილას მქონდა. ბაზარში ვიყავი, გარშემო უამრავი ბოშა იყო, ყვიროდნენ-წიოდნენ. მე კუთხეში ვიყავი, ცელოფნის პარკში პომიდვრები და რაღაცები მელაგა. გასაუბრება ჩუმად მქონდა, საპირფარეშოს გვერდით ვიდექი და წარიმართა. ვიფიქრე, ვის უნდა ავეყვანე, თუმცა, 1 კვირაში დამირეკეს. სომალიში აღმოვჩნდი. გლობალური ფონდის მენეჯერის პოზიციაზე. 2006 წელს იქ ვინ წავიდოდა? სასაკლაო იყო. წავედი…

თეთრი ბიჭი ჩავიდა არათეთრებთან. ძალიან სტრესული იყო იქ მუშაობა. ზოგიერთ ადგილას 25-კაციანი დაცვა მყავდა. 5-6 მანქანით ვმოძრაობდი. ძალიან ბევრჯერ სიკვდილსაც ჩავხედე თვალებში, ვნახე ადამიანების სიცოცხლის დაკარგვაც.7-8 თვე ვიყავი, ძალიან ბევრი ვისწავლე, განსაკუთრებით კორუფციის არსი გავიგე. მე ვიყავი ადამიანი, რომელიც ამას აკონტროლებდა. იქ საპირფარეშო არ არის, პირველი დღე იყო ძალიან რთული. მანქანიდან გადასვლა სარისკოა, გარშემო ყველაფერი დანაღმულია. დილით ფეხსაცმელში შესაძლოა მორიელიც დაგხვდეს“...

დღეს გავრცელებულ ვიდეოს კი ასე ასათაურებს:

„ნამდვილი სიღარიბე და გაჭირვება თუ არ გინახავს, ვერასდროს ვერ დააფასებ იმას, რაც გაქვს.

როცა მუშაობ ასეთ ქვეყნებში, ხვდები, რომ კაცობრიობის ყველაზე დიდი მტერი არის კორუფცია. კორუფცია ქმნის მონობას. მე ასეთ და ამაზე უარეს ადგილებში ვარ ნამყოფი და ნამუშევარი და ვიცი, რასაც ვამბობ

️თქვენ იცით?!“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

ნახეთ ვიდეო