პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს გია გაბრიჭიძის გარდაცვალების გამო:
„დილიდან მეხის გავარდნასავით გაისმა ბოტანიკურ ბაღში გია გაბრიჭიძის გარდაცვალების ამბავი. ვერავინ იჯერებდა ამ ცნობას, რომელიც ერთ-ერთი ტელევიზიის გაოგნებულმა ჟურნალისტმა გიას თანამშრომელს ამცნო. იმდენად დაუჯერებელი იყო, თავიდან გიას ხუმრობა გვეგონა. სამწუხაროდ სიმართლე აღმოჩნდა.
ოჯახის წევრმა დაგვიდასტურა - გიას ნომერზე, რომ დავრეკეთ იმ იმედით, რომ ის გვიპასუხებდა...
2014 წლიდან შემოუერთდა გია გაბრიჭიძე საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის გუნდს. უკვე ჩამოყალიბებული და ცნობილი ჟურნალისტი, მწერალი, პუბლიცისტი, მსახიობი, მრავალმხრივი ინტერესების და უნარების მქონე ადამიანი.
განათლებით ფიზიკოსი, ფართო თვალსაწიერის ადამიანი, შინაგანად თავისუფალი, ყოველივე ეს მას საშუალებას აძლევდა საკუთარი აზრი ჰქონოდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველაზე მწვავე საკითხებზე და ორიგინალურად გამოეთქვა იგი.
გიას მოღვაწეობის ეს სფერო ცნობილია ქართული საზოგადოებისთვის. ის ცნობილი სატელევიზიო სახე იყო. მისი საქმიანობის ერთ-ერთი ძალზე საინტერესო და ნაყოფიერი მხარე იყო ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში საქმიანობა. გია სწორედ იმ დროს აღმოჩნდა ამ უძველეს ორგანიზაციაში, როდესაც ბაღი ტრანსფორმაციის პროცესში იყო. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის საზოგადოებისთვის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სასიკეთო ამბების გაცნობაში.
2014 წლიდან დღემდე იგი დაუღალავად, შესაშური ენთუზიაზმით ცდილობდა პოზიტიურად განეწყო ქართული საზოგადოება ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სიახლეებისადმი. დიდი იყო მისი წვლილი აქ უკვე ტრადიციულად ქცეულ ფესტივალებსა და გამოფენების მომზადებასა და გაშუქებაში. ახალ-ახალი იდეებით, ყოველდღიურად ბოტანიკური ბაღის დიდ ოჯახთან ერთად, ფასდაუდებელი წვლილი შეჰქონდა ამ დიდი ტრადიციის მქონე ინსტიტუტის სახელის ახლებურად და თანამედროვედ გაჟღერებაში.
საოცრად შეხმატკბილებული მუშაობდა თავისი განყოფილების თანამშრომლებთან და საერთოდ, ყველას ძალიან ახლობლად და მეგობრად მიაჩნდა. ამიტომ არის, რომ დილიდან ცრემლი არ შეშრობიათ თვალზე კოლეგებს, რომლებიც, სწორედ ახლა, გიასთან ერთად ფესტივალის ჩასატარებლად ემზადებოდნენ.
ბევრი ცრემლი დაიღვარა დღეს ჩვენთან, გია ძალიან დაგვაკლებდა ჩვენ, დააკლდება ქვეყანას და, პირველ რიგში, მის ოჯახს, შვილებს, რომლებითაც ასე ამაყობდა. მის მეუღლეს, მეგობრებს და კოლეგებს.
ძალზე ადრე დაგვტოვა გიამ, ასე უცნაურად და მოულოდნელად.
ჩვენ ის მუდმივად გვემახსოვრება და შევეცდებით მისეული ენთუზიაზმით და პოზიტივით გავაგრძელოთ საქმე, რომელიც მას ასე ძლიერ უყვარდა. მადლობა ერთგულებისთვის და მეგობრობისთვის!“
გია გაბრიჭიძე წლების განმავლობაში მუშაობდა პერიოდულ პრესაში, იყო გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ კორესპონდენტი და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. მას გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი.
გია გაბრიჭიძის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გული სახელდება.
ასევე ნახეთ:
„დღეს შენი ნიშნობის დღე უნდა ყოფილიყო“ - ავარიის დროს დაღუპულ ახალგაზრდას ემოციურად ემშვიდობებიან
VIDEO: დაუჯერებელი სანახაობა - ქარხანაში რეზერვუარი გასკდა და ქუჩა ღვინით დაიტბორა (პორტუგალია)