1745397302
უწყებათაშორისი სამაგიდე და საველე პრაქტიკული სწავლება დასრულდა

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის (SAFE) ფარგლებში ორგანიზებული უწყებათაშორისი სამაგიდე და საველე პრაქტიკული სწავლება, რომელიც 9-10 ივლისს თბილისში მიმდინარეობდა, წარმატებით დასრულდა.
სწავლებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის სამინისტროების დანაყოფების 150-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაში მონაწილე უწყებების დანაყოფები, კომპეტენციის ფარგლებში, წინასწარ განსაზღვრული სცენარის მიხედვით აწარმოებდნენ სამუშაოებს.
სწავლების მიზანს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების გავრცელების წინააღმდეგ უწყებათაშორისი კოორდინირებული მუშაობა წარმოადგენდა.
სწავლებაში მონაწილე ქართულმა დანაყოფებმა წარმატებით გაართვეს თავი ევროპელი ექსპერტების მიერ წარმოდგენილ სცენარში არსებულ დავალებებს და მათი უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს. მონაწილე უწყებებმა ასევე აჩვენეს ქვეყანაში ქბრბ ინციდენტებზე რეაგირებისთვის აუცილებელი ეროვნული შესაძლებლობები.
პროცესს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი გიგა ნიკოლეიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე დარახველიძესთან და უცხოელ ექსპერტებთან ერთად აკვირდებოდა.
გიგა ნიკოლეიშვილი (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი): ,,დასრულდა ევროკავშირის პროექტ SAFE-ის ფარგლებში ჩატარებული უწყებათაშორისი სამაგიდე და საველე სწავლება, რომელშიც რამდენიმე უწყების შესაბამისმა დანაყოფებმა მიიღეს მონაწილეობა. სწავლების პროცესში კარგად წარმოჩინდა, თუ რა მნიშვნელობა აქვს საგანგებო სიტუაციების დროს ქვეყანაში მორეაგირე სტრუქტურების კოორდინირებულ და შეთანხმებულ მუშაობას. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის შესაბამისმა უწყებებმა წარმატებით გაართვეს თავი მათზე დაკისრებულ მოვალეობას და აჩვენეს მომზადების მაღალი დონე.
მიმდინარე სწავლებას ექსპერტების რანგში ესწრებიან აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ ქბრბ მიმართულებით განსაკუთრებით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ DTRA-სთან და მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, ქართულმა სპეცსამსახურმა მნიშვნელოვნად აიმაღლა პროფესიული უნარები, შესაბამისი დანაყოფები უზრუნველყოფილია სპეციალური აღჭურვილობით.
ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ჩართულობით მსგავსი სწავლებები ქვეყანაში პერიოდულად იმართება, რაც უწყებათშორისი კოორდინაციის გაძლიერებას და ინციდენტებზე რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.“
ღონისძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი გიგა ნიკოლეიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი ლევან ღირსიაშვილი და სხვა მონაწილე უწყებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მუდმივმოქმედი უწყებათშორისი კომისიის თავმჯდომარე უწყებაა.
აღნიშნული სწავლებები ქვეყანაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კოორდინაციით იმართება.