უამინდობა ქვეყანაში და შეზღუდვები გზებზე - როდის აღდგება სრულად საავტომობილო მოძრაობა

გზები

ზუგდიდიდან მესტიისკენ მიმავალ გზაზე, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. დიდი მოცულობის კლდოვანი მასისგან გზის გაწმენდას მოქალაქეები რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ.

ცაიშის გზა მთიდან ჩამოშლილი ქვებისა და მიწის მასისგან დღის პირველ მონაკვეთში გაიწმინდა. აღდგა მოძრაობაც, თუმცა მალევე ქვათაცვენა ისევ დაიწყო. შეზღუდვები განახლდა. ავტომობილების ნაკადის გადაადგილებას, საშიშ მონაკვეთზე, პოლიცია არეგულირებს.

უხვმა ნალექმა და დიდთოვლობამ მოქალაქეებს პრობლემები შეუქმნა ფასანაურსა და გუდაურშიც. მგზავრებს, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ლოდინიც მოუწიათ.

შეზღუდვები მოქმედებს კობი-გუდაურის გზაზეც. თოვისა და ლიპყინულის გამო, აქ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა. უხვმა ნალექმა პრობლემები მათაც შეუქმნა, ვისთვისაც გადაადგილება არ შეზღუდულა.

შეზღუდვის შემსუბუქება თოვასა და ზვავსაშიშროების რისკის მოხსნაზეა დამოკიდებული. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მძღოლებს გადადგილების უფლება შესაძლებლობა ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან მისცენ. ამ პროგნოზს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, სინოპტიკოსებზე დაყრდნობით აკეთებენ.

ძლიერი თოვა დასავლეთ საქართველოში ხვალ საღამომდე შენარჩუნდება. სინოპტიკოსები გამოდარებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 6 იანვრიდან ელოდებიან, თუმცა ყურადღებას შემდგომ მოსალოდნელ ყინვებზეც ამახვილებენ.