თუ ბავშვს გარდატეხის ასაკში სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები აქვს და მეცადინეობა აღარ უნდა - რას ურჩევთ ბავშვთა ნევროლოგი მშობლებს

სწავლა

ბავშვთა ნევროლოგი, თამარ ედიბერიძე, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" გარდატეხის ასაკში სწავლისადმი მოტივაციის დაქვეითების შესახებ საუბრობს და მშობლებს აძლევს კონკრეტულ რეკომენდაციებს, თუ როგორ შეუძლიათ, თავიანთ შვილებს პრობლემის დაძლევაში ხელი შეუწყონ:

- გარდატეხის ასაკი მკაცრ ჩარჩოებს, უხეშ წესებს, უხეშად მიცემულ შენიშვნებს არ ითმენს. ხშირად მაჭარს ვადარებ ხოლმე. როგორც მაჭარს ვერ შევურჩევთ ისეთივე ჭურჭელს, როგორსაც დაღვინებულ სასმელს, სწორედ ასეთი შედარება შეიძლება გავაკეთოთ ამ პერიოდზეც. თუმცა, თინეიჯერები ზრუნვაზე ძალიან კარგად რეაგირებენ. არა შენიშვნა, არა ავტორიტარული სტილი, არამედ ავტორიტეტი და ზრუნვა. ემპათიის გამოხატვა მნიშვნელოვანია. როგორც კი შემოწმებისა და კონტროლის მექანიზმს გავააქტიურებთ, მაშინვე პროტესტს გამოვიწვევთ. მაგრამ, ხომ შეიძლება, უბრალოდ ინტერესი გამოვიჩინოთ?! მაგალითად, მოზარდი სკოლიდან მოვიდა, ამ დროს სადილს ვამზადებთ და ვკითხოთ: "დღეს ბევრი სამეცადინო გაქვს? ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდება? სადილი უკვე მზადდება..." ყოველთვის შეიძლება, ასეთი მიმანიშნებელი შეკითხვებით გამოვიძიოთ, როგორი განწყობა აქვს. თუ ისეთი რამ აქვს სამეცადინოდ, რომლის შესრულებაც განსაკუთრებით ერთულება და ეზარება, მაშინ ვეცადოთ, დამატებითი მოტივაცია მივცეთ. ვუთხრათ: "რაიმე გემრიელი ხომ არ მოგიმზადო? ხომ არ გინდა, მეც შენთან ერთად წავიკითხო?" შეიძლება, ჩვენი წარსულიდან მოვუყვანოთ მაგალითი და ვუთხრათ, რომ ეს საგანი ჩვენთვისაც რთული იყო ან პირიქით. საუბარში ბავშვისთვის კრიტიკული ეპიზოდების აღმოჩენა ყოველთვის შეიძლება.

ჩვენი გადასახედიდან შესაძლოა, გარკვეული საკითხები უცნაურად ჟღერდეს. მაგალითად, ბავშვი წამოწოლილია, ფეხი აქვს ფეხზე გადადებული, უცნაურ პოზაშია და მეცადინეობს. არ არის საჭირო შენიშვნის მიცემა, თუ ის თავს კომფორტულად გრძნობს და რაც მთავარია, შედეგს დებს. შეიძლება, დამატებითი შეკითხვები დავსვათ მას შემდეგ, თუ შედეგი არ გვაქვს. თუ შედეგს ვხედავთ, სკოლაში კარგი მიღწევები აქვს, მაგრამ ჩვენთვის წარმოუდგენელია, თუ როგორ შეიძლება, ბავშვმა ყურსასმენებით მუსიკას მოუსმინოს და თან მათემატიკა იმეცადინოს, შენიშვნა არ უნდა მივცეთ. ამ დროს, შესაძლოა, მას ე.წ. თეთრი ხმაური პირიქით ეხმარებოდეს. 

შესაძლოა, ჩაცმის სტილზე ვფიქრობდეთ, რომ ხელს უშლის, მაგრამ, პირიქით, აღმოჩნდება, რომ ეხმარება...

მე-5 კლასისთვის ბავშვმა უკვე თავად იცის, როგორ მოსწონს მეცადინეობა, რა პრინციპით გაანაწილოს დავალებები. ჯერ რთული შეასრულოს თუ მარტივით დაიწყოს. ამ თვალსაზრისით, მას გარკვეული თავისუფლება უნდა მივცეთ.