„თუ არ წავახალისებთ ბავშვს, მოტივი ეკარგება, მოტივი კი, სწავლების ძალა და თავისუფლების არჩევანია...“- თბილისის საკრებულოში საგანმანათლებლო პროექტის „ჰუმანური საქართველოს“ პრეზენტაცია გაიმართა

 შალვა ამინაშვილი

დღეს, 27 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს „თამარ მეფის დარბაზში“, საგანმანათლებლო პროექტის „ჰუმანური საქართველოს “ პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის ავტორი და მთავარი იდეოლოგი, თავად ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი შალვა ამონაშვილია.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი, შალვა ამონაშვილი, ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი პაატა ამონაშვილი, ჰუმანური პედაგოგიკის საქართველოს მოძრაობის ხელმძღვანელი თამარ სხვიტარიძე, ასევე რეგიონების ხელმძღვანელები და სხვა სამთავრობო თუ საჯარო უწყების წარმომადგენლები.

„ბავშვს ყოველთვის აქვს რაღაც კარგი და აუცილებლად უნდა წახალისდეს, რაც მოტივს უჩენს. თუ არ წავახალისებთ, მოტივი ეკარგება. მოტივი კი, სწავლების ძალა არის, გარდა ამისა, თავისუფლების არჩევანიც“ - აცხადებს ამონაშვილი.. 

მრავალი ინოვაციური პროექტის ავტორი, 91 წლის, ჰუმანური პედაგოგიკის დამფუძნებელი შალვა ამონაშვილი ეტაპობრივად საქართველოს ყველა კუთხეს ეწვევა.

„ამ პედაგოგიურ მიმართულებას წინა საუკუნის 60-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, რომელმაც ჯერ საქართველოში, მოგვიანებით კი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში პოვა აღიარება, დღესდღეობით კი, მსოფლიოს არაერთ ქვეყანას აერთიანებს.

გლობალური სამყაროს გამოწვევაა ვირტუალურ სივრცეზე დამოკიდებული ახალი თაობის რეალური ცხოვრებით დაინტერესება.

„ჰუმანური პედაგოგიკა“ გვთავაზობს მეთოდებს, რომლის მეშვეობითაც, როგორც ბავშვები, ასევე მშობლები და პედაგოგები მეტად მოტივირებულები, ბედნიერების განცდით ჩაებმებიან რეალური ცხოვრების რიტმში.

ჩვენი მიზანია, ჰუმანური ადამიანის აღზრდა, რადგან მხოლოდ ცოდნის მიღება არაჰუმანური ადამიანის ხელში შეიძლება საშიშ იარაღად გადაიქცეს.

პროექტს გეგმაში აქვს, საქართველოს ყველა რეგიონში პედაგოგებისა და მშობლების გადამზადება, მათთვის შალვა ამონაშვილის, ნახევარ საუკუნეზე მეტი გამოცდილების გაზიარება, რათა ბავშვებისთვის აღზრდა-სწავლების პროცესი ბევრად სასიამოვნო და საინტერესო გახდეს“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

აკადემიკოს შალვა ამონაშვილის შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად გაიმართება, რომლის შესახებაც ინფორმაცია პროექტის ოფიციალურ გვერდზე „ჰუმანური საქართველო‘‘ განთავსდება.

ჰუმანური პედაგოგიკა გვთავაზობს მეთოდებს, რომლითაც ბავშვები და პედაგოგები, სწავლების პროცესში, უფრო მოტივირებული ხდებიან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ მეთოდით 125 ქვეყანაში ასწავლიან.

პირველი ღონისძიება შიდა ქართლში, კერძოდ, ქ. გორში 15 ნოემბერს გაიმართება.