1737312489
ცვლილება „საქართველოს რკინიგზის“ მატარებლის მოძრაობის გრაფიკში, რომელიც დღეიდან ამოქმედდება
საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მატარებლებს 30 აპრილიდან ახალი გაჩერება დაემატება.
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, კოპიტნარში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის განახლებული სადგური მგზავრებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან მიიღებს.
„ქუთაისის აეროპორტი კი სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით, მათ აეროპორტში გადაყვანას უზრუნველყოფს. კოპიტნარის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში მისასვლელად, მგზავრებს დაახლოებით 5 წუთი დასჭირდებათ. მატარებლის ბილეთის ღირებულება ქუთაისის აეროპორტამდე ტრანსპორტირებას მოიცავს. შეგახსენებთ, რომ კოპიტნარში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელ რკინიგზის სადგურს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლებული სადგური თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე არის მორგებული. კოპიტნარის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა 29 აპრილიდან დაიწყო. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს რკინიგზის სალაროებში, კომპანიის ვებ-გვერდის, სწრაფი გადახდის აპარატებისა და რკინიგზის პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდების მეშვეობით“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტის მგზავრებისთვის მატარებლის ბილეთები კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან - 7 დღე უფასო იქნება.
კერძოდ, 30 აპრილიდან 7 დღის განმავლობაში, ყველა მგზავრი, რომელიც ქუთაისის აეროპორტის ავიაბილეთს რკინიგზის სალაროში წარადგენს, თბილისიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ფოთიდან და ოზურგეთიდან კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და ოზურგეთის მიმართულებით - უფასოდ იმგზავრებს.