ცნობილია სად და როდის დაკრძალავენ ბადრი ვადაჭკორიას

ბადრი ვადაჭკორია

ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილი გახდა სად და როდის დაკრძალავენ ფოტორეპორტიორს, ამის შესახებ ინფორმაციას ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ავრცელებს:

„ბევრი მეხმიანება ბადრის პანაშვიდებსა და დაკრძალვასთან დაკავშირებით და გაგაცნობთ ოჯახის განცხადებას:

ბადრი ვადაჭკორიას პანაშვიდები გაიმართება ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში (ჭავჭავაძის 33, მე-9 საავადმყოფოს ეზო) 16 და 17 აგვისტოს 17:00 საათიდან

გამოსვენება 18 აგვისტოს 14:00 საათზე

დაკრძალვა საბურთალოს სასაფლაოზე“, - წერს გოგა ჩანადირი.

ცნობისთვის, ბადრი ვადაჭკორია საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ კორესპონდენტად 1971 წლიდან მუშაობდა. იყო საქტელერადიოკორპორაციისა და „ახალი ქართული გაზეთის“ საკუთარი კორესპონდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (1998–2002).

გაზეთების „ნატვრისთვალის“, „ახალგაზრდა კომუნისტის“ სპეციალური კორესპონდენტი. 1994–1998 წლებში მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში. იყო საერთაშორისო ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი.

ასევე იგი იყო საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის (ფედერაცია) წევრი (1982), ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი (1993) და ჟურნალისტთა ფედერაციის პრიზის „ოქროს ფრთის“ ლაურეატი (2005). ბადრი ვადაჭკორია იყო 25 ფოტოკრებულის და 6 წიგნის ავტორი. მისი ნამუშევრებია: ფოტოალბომი „ქართული სული“ (2007, I ტ.), „ჩემი საქართველო“ (2010) და სხვ.