„თითოეულ ჩვენგანს ერთი საერთო მიზანი გვამოძრავებს, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა უფრო ძლიერი...“ - ნათია თურნავა ყველა მოქმედ თუ მომავალ ეკონომისტს ეკონომისტის პროფესიულ დღეს ულოცავს

 ნათია თურნავა

მჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანს ერთი საერთო მიზანი გვამოძრავებს, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა უფრო ძლიერი, ჯანსაღი და განვითარებაზე ორიენტირებული, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა  სოციალურ ქსელში წერს და ყველა მოქმედ თუ მომავალ ეკონომისტს ეკონომისტის პროფესიულ დღეს ულოცავს.

„ეკონომისტის პროფესიულ დღეს ვულოცავ ყველა მოქმედ თუ მომავალ ეკონომისტს. მათ შორის, ეროვნული ბანკის პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს, რომელთა ეფექტიანი მუშაობის შედეგად, გლობალური გამოწვევების ფონზე, დღეს ჩვენ ვამაყობთ მდგრადი საბანკო-საფინანსო სექტორითა და სავალუტო რეზერვების რეკორდული მაჩვენებლებით.

განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავ პროფესიულ დღეს იმ ღვაწლმოსილ ეკონომისტებს, რომლებმაც 1999 წლიდან საფუძველი ჩაუყარეს ამ მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნის ტრადიციას.

ასევე მათ, ვინც თავის დროზე მოამზადა ქართული ლარის შემოღების ეკონომიკური საფუძვლები და სწორედ მათი ფასდაუდებელი ძალისხმევის შედეგად, დღეს ჩვენ გვაქვს ეროვნული ვალუტა - ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის სიმბოლო.

მინდა, ეს დღე მივულოცო აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, მათ შორის პროფესორ-მასწავლებლებს, ვინც ახალგაზრდა თაობის აღზრდაზე ზრუნავს, ასევე - დარგის ექსპერტებსა და მკვლევარებს, მეცნიერ-ეკონომისტებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სამსახურში არიან.

მჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანს ერთი საერთო მიზანი გვამოძრავებს, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა უფრო ძლიერი, ჯანსაღი და განვითარებაზე ორიენტირებული. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს!“,- ნათქვამია მისალოც წერილში.