პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თიბისი ბანკის ბრიტანელი აქციონერისთვის იან მალქოლმ ჰოქისთვის, რომელიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისგან ბანკის აქციონერებისთვის მიყენებული $40–მილიონიანი ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს, გაუგებარია ჯაფარიძის განცხადება – „ვეძებ ასეთ აქციონერს და დავარწმუნებ მას, რომ საგანგაშო არაფერია“. ამის შესაძებ ბრიტანელი აქციონერის ინტერესების ქართველმა დამცველმა დიმიტრი ტორაძემ 18 თებერვალს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
„ჩემმა მარწმუნებელმა მიაღწია მინიმალურ შედეგს თავისი განცხადების გავრცელებით. ანუ რაღაც ფიდბექი ამას მოჰყვა. მე ვაცნობე მას ამ განცხადების შესახებ და მეტიც – მან კმაყოფილებით მიიღო ეს ინფორმაცია, ჩათვალა რომ ეს არის დადებითი ინფორმაცია, თუმცა მეორეს მხრივ დარჩა გაკვირვებული, რატომ ეძებს მას მეინ პარტნიორი, ასევე აქციათა მფლობელი, რომელიც იმავდროულად საჯარო პირია, არის საქართველოს პარლამენტარი და საერთოდ მის განცხადებაზე კომენტარს რატომ აკეთებს პოლიტიკოსი“, – აღნიშნა იურისტმა.
დიმიტრი ტორაძის თქმით, ბრიტანელი აქციონერისთვის აღნიშნული ქეისი არ არის არანაირი პოლიტიკური თემატიკის შემცველი და განუმარტა მას, რომ საქართველოში ყველაფერი პოლიტიზებულია.
„ლამის ერთმანეთისთვის გამარჯობის თქმაც კი პოლიტურ ჭრილში აღიქმება, ფასდება, დისკუსიის საგანი ხდება, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ სრულად აღიქვა აღნიშნული მან, ან/და აბსოლუტურად გასაგებია მისთვის მსგავსი ახსნა-განმარტება, რამეთუ მათი, სწორედ რომ, კულტურისათვის ჩვენი ქართული ვნებანი ცოტა გაუგებარიცაა და მიუღებელიც, ამიტომ ის განცხადება, რაც ბატონმა ბადრიმ გაავრცელა (რაც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პოზიტიურ სიგნალად იქნა აღქმული ჩემი მარწმუნებლის მიერ), მაინც უმჯობესი იქნებოდა სს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელს გაევრცელებინა“, – განმარტა დიმიტრი ტორაძემ.
ადვოკატის თქმით, მას შემდეგ, რაც მისი მარწმუნებლისთვის ცნობილი გახდა იმ სამართლებრივი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ქართულმა სასამართლომ თიბისი ბანკის აქციონერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ მიიღო, მისთვის ნათელი გახდა, რომ დასახელებულმა აქციონერებმა, ისარგებლეს რა ბანკის მენეჯმენტზე წვდომით, არამართლზომიერად მიითვისეს ბანკის კუთვნილი 16 მილიონ აშშ დოლარზე მეტი თანხა და, მიუღებელ შემოსავალსაც თუ გავითვალისწინებთ, ბანკი თითქმის 40 მილიონი აშშ დოლარით აზარალეს.
ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმის მასალების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში, ავთანდილ წერეთლის მიერ დაფუძნებულმა შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16 664 000 აშშ დოლარი.
იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ სესხი თითქოსდა ბიზნესის ბრუნვისთვის იყო მოთხოვნილი.
2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.
მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.
კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს“ კრედიტი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.