თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს
1783103341
სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ის გამოცემაში გამოქვეყნებული University of Oxford-ისა და Mayo Clinic-ის ერთობლივი მიმოხილვის მიხედვით, ენცეფალიტი მსოფლიო ჯანდაცვისთვის მზარდ გამოწვევად იქცა.
მკვლევრები დაავადების გავრცელების ზრდას ორ მთავარ მიზეზს უკავშირებენ:
პირველი კლიმატის ცვლილებაა, რომელმაც კოღოებისა და ტკიპების გავრცელების არეალი მნიშვნელოვნად გაზარდა. შედეგად, ვირუსული ენცეფალიტის შემთხვევები იმ რეგიონებშიც ფიქსირდება, სადაც ადრე იშვიათი იყო.
მეორე მნიშვნელოვანი ტენდენციაა აუტოიმუნური ენცეფალიტის შემთხვევების მკვეთრი მატება. ამ დროს იმუნური სისტემა თავის ტვინის ჯანმრთელ უჯრედებს უტევს. დაავადება ხშირად იწყება ფსიქიკური ცვლილებებით, ჰალუცინაციებით, მეხსიერების გაუარესებით ან ეპილეფსიური გულყრებით, რის გამოც პაციენტებს თავდაპირველად ფსიქიატრიულ პრობლემად უსვამენ დიაგნოზს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დროული დიაგნოსტიკა გადამწყვეტია. აუტოიმუნური ენცეფალიტი ანტივირუსულ მკურნალობას არ ექვემდებარება და საჭიროებს სპეციფიკურ იმუნოთერაპიას. დაგვიანებულმა დიაგნოზმა შესაძლოა თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება ან სიკვდილი გამოიწვიოს, ხოლო დროულმა მკურნალობამ პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებამდეც კი შეიძლება მიიყვანოს.
სპეციალისტები ექიმებს მოუწოდებენ, ნებისმიერი უეცრად განვითარებული ნევროლოგიური ან ფსიქიატრიული სიმპტომის შემთხვევაში ენცეფალიტის შესაძლებლობაც გაითვალისწინონ და შესაბამისი კვლევები დროულად ჩაატარონ.