თებერვლიდან მოსწავლეები მიკროავტობუსებითაც უფასოდ იმგზავრებენ

ლურჯი მიკროავტობუსი

1-ელი თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ახალი სისტემა ამოქმედდება. ერთჯერადად მგზავრობა 1 ლარი ეღირება.

მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, ვიქტორ წილოსანის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეები მგზავრობის საფასურის გადახდას შეძლებენ, როგორც მეტრომანებით ერთჯერადად, ასევე პლასტიკური ბარათებით და ახალი სააბონემენტე ბარათებით.

ამასთან, მოსწავლეები მეტროს და ავტობუსის გარდა, ახლა მიკროავტობუსითაც უფასოდ ივლიან.

„როგორც მოგეხსენებათ, ლურჯ მიკროავტობუსებსა და მეტროსადგურებში, აქამდეც შეუძლებელი იყო მგზავრობის საფასურის ნაღდი ფულით გადახდა, ასევე ბარათით ხდება ანგარიშსწორება ახალ ავტობუსებშიც, თუმცა არის რამდენიმე ავტობუსი დარჩენილი, სადაც კვლავ არის შესაძლებელი ნაღდი ფულით მგზავრობა, მაგრამ ეტაპობრივად იქაც მოხდება ამის ამოღება,“- აღნიშნა წილოსანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.

ცნობისთვის, მგზავრობის 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი, 1-კვირიანი - 20 ლარი, 1-თვიანი - 40 ლარი, 3-თვიანი - 100 ლარი, 6-თვიანი - 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები - 250 ლარი ეღირება.