თეა წულუკიანი ელდარ მდინარაძეზე: ის იყო სამაგალითო, მისაბაძი ადამიანი მისი და მასზე უმცროსი თაობის წარმომადგენლებისთვის და მათ შორის ჩემთვის

თეა წულუკიანი

ელდარ მდინარაძე იყო მისაბაძი ადამიანი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.

გადაცემაში სტუმრობა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“, ელდარ მდინარაძის ოჯახისა და მეგობრების მიმართ სამძიმრით დაიწყო.

„მინდა, რომ მთელ თქვენ არხს და ტელესამყაროს, კინოსამყაროს მივუსამძიმრო ბატონი ელდარ მდინარაძის გარდაცვალება. ის იყო სამაგალითო, მისაბაძი ადამიანი მისი და მასზე უმცროსი თაობის წარმომადგენლებისთვის და მათ შორის ჩემთვის. ამიტომ ვიზიარებ თქვენი, მისი ოჯახისa და მეგობრების, კოლეგების დიდ მწუხარებას“, - განაცხადა წულუკიანმა.

ტელეკომპანია „იმედის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, კინორეჟისორი ელდარ მდინარაძე 11 ნოემბერს გარდაიცვალა.

ელდარ მდინარაძემ დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით 1973 წელს და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (ს. ჩხაიძის და რ. ხოტივარის სახელოსნო) 1982 წელს.

სხვადასხვა სტუდიაში თავისივე სცენარით გადაიღო დოკუმენტური ფილმები: „ჩვენი შემოღობილი“, „რეპორტაჟი სნოდან“ (ნოველა სერიალიდან „სამამულო რქა“, ნ. ყიფიანთან ერთად), „თემის მარცვალი“, „საიდუმლო“ (მიტროფანე ლაღიძეზე, 1987), „იორამი“ (1988). ეწეოდა საპროდიუსერო საქმიანობას. მუშაობდა ტელეკომპანია „მე-9 არხზე“. იყო ტელეკომპანია „მზის“ გენერალური დირექტორი (2003-2005წწ.), პროდიუსერი 70-მდე სატელევიზიო ფილმისა, ანიმაციური ფილმისა „გავარდნილები“(დ. სიხარულიძე, 2008). მიღებული აქვს კინო ფესტივალ „ამირანის“ პრიზი ფილმისთვის „ჩემი შემოღობილი“ (1980), დებიუტების პირველი საკავშირო კინოფესტივალის პრიზი - საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის (1986). კინორეჟისორი, პროდიუსერი.

მიმდინარე წლის ოქტომბერში ელდარ მდინარაძეს ოზურგეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.