1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
უპრეცედენტო სიბინძურე, გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი, ერთი თვის წინ დამზადებული კერძები და რამდენიმე თვის გაურეცხავი ჭურჭელი - რითი ვიკვებებით და რა ხდება ყველასთვის ცნობილი რესტორნების სამზარეულოებში. "კურიერი PS-ის" ობიექტივმა თბილისის ცენტრში 16 რესტორანი გადაიღო, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, ვითარება საგანგაშოა.
კრიტიკული შეუსაბამობის გამო, სახელმწიფო კონტროლმა აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე რესტორნების ნაწილი დახურა, ნაწილს კი სოლიდური ჯარიმა გამოუწერა.
მონიტორინგის ჯგუფმა რეიდი რამდენიმე ობიექტზე ერთდროულად დაიწყო. ინფორმაცია შემოწმების შესახებ არ გავრცელდა, რომ რესტორნებს ვერ მოესწროთ ვადაგასული, თუ სხვა საშიში პროდუქტების გადამალვა.
პირველი გაჩერება - რესტორანი "ბაღნარი". "კურიერი PS-ის" ობიექტივის შესვლამდე ინსპექტორებმა უკვე აღმოაჩინეს კრიტიკული შეუსაბამობა - საკვებად უვარგისი ხორცი. ამ ობიექტზე ძველი ხორცი ერთადერთი პრობლემა არ არის. დღეს მისულ სტუმრებს აქ, ლობიოს შეკვეთის შემთხვევაში, ერთი თვის წინ დამზადებულ კერძს შესთავაზებდნენ. რესტორანი სტიკერმა გასცა, ლობიოს ქვაბს 16 აგვისტო აწერია, თუმცა საკვებ დაწესებულებაში ამბობენ, რომ ძველი სტიკერის მოხსნა დაავიწყდათ. ქვაბს, გარეცხვის შემთხვევაში, სტიკერი მოსძვრებოდა. აქ დარღვევა ყველა ნაბიჯზეა. ანტისანიტარია - ჭუჭყიანი ჭურჭელი, ღუმელი, გაზქურა...
ეს ობიექტი ვერცერთ სტანდარტს აკმაყოფილებს, მათ შორის ვერც ევროპულს, ამიტომ ის კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებამდე დაილუქა.
შემდეგი გაჩერება რესტორანი "იბერიაა". აქ დღეს ხალხმრავალი წვეულებისთვის ემზადებიან, მაგრამ დამკვეთმა, დიდი ალბათობით, არ იცის, რომ თეფშებს, რომელიც მისი სუფრისთვის მზადდება, ბუზები ეხვევიან. არც ის ეცოდინება, რომ შეკვეთილი კერძები სიბინძურეში მზადდება და, რაც მთავარია, არც ის, რომ დღეს, მისი და მისივე სტუმრების უსაფრთხოების გამო, წვეულება ამ რესტორანში სახელმწიფო კონტროლმა გააუქმა.
საბურავებიანი ჭუჭყიანი ნიშა რეალურად ლიფტია, რომლითაც მზა კერძები სამზარეულოდან დარბაზამდე ააქვთ.
ინსპექტორებმა მაცივარში გაურკვეველი წარმომავლობის ხორციც იპოვეს, ხორცს სურსათის ეროვნული სააგენტო დალუქავს და წაიღებს. ასევე, დალუქავს რესტორანს და დააჯარიმებს მის მეპატრონეს.
რესტორანი "ფორტუნა". სამზარეულოში უსიამოვნო სუნია. მწერები და აბლაბუდებიც მრავლად გვხვდება. გაზქურის თავზე გამწოვიდან ცხიმი წვეთავს, რაც, დიდი ალბათობით, კერძშიც მოხვდება.
დიდ მაცივარში ჩუსტები და ლობიო ერთად, დახლმაცივარში კი - გოჭი, ნიშნების გარეშე.
შეუმოწმებელ ხორცზე თქმა, რომ სხვისია და შენახვა სთხოვეს, მივხვდით, რომ რესტორნებში აპრობირებული თავის გამართლებაა. სხვა ყველაფერზე კი პასუხია, რომ კონტროლს არ ელოდნენ, თორემ მოწესრიგებულები დახვდებოდნენ.
რესტორანი "თბილისი". სტუმრებისთვის განკუთვნილი სივრცე კრიტიკულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით ეჭვს არ ბადებს, მაგრამ შიდა სამზარეულოში აქაც სიბინძურეა. ჭუჭყიანი ინვენტარი, პროდუქტების შენახვის წესის დარღვევა და სამზარეულოს იშვიათად დალაგების გრაფიკი...
რესტორანი "ძველი დუქანი". აქ მადის აღმძვრელი სუნი დგას და მომხმარებელს დარბაზი ნამდვილად არ დააეჭვებს. მაგრამ სამზარეულოში ინსპექტორებმა შეუსაბამობები აღმოაჩინეს. სამზარეულოში შესვლისას პირველი, რაც ჩვენს ობიექტივში მოხვდა, ბუზია. მაგრამ სხვა დარღვევების გადაღების საშუალება "კურიერი PS-ის" გუნდს აღარ მიეცა. მფლობელმა რესტორნის სამზარეულოს კარი დახურა. მეპატრონის აგრესია კიდევ უფრო მეტ ეჭვს ბადებს. როგორც ირკვევა ის ტყუილად არ აღელდა.
რესტორნებს შორის, რომლებიც კრიტიკული შეუსაბამობების გამო დაილუქა, არის "უშბა", შპს "დე გი" და "მეგრული ოდა".
შემოწმებამ უჩვენა, რომ რესტორნების ცნობილი სახელები, მოწესრიგებული დარბაზები და ლამაზი ჭურჭელი, არ არის უსაფრთხო კვების გარანტია, რადგან უმთავრესი საფრთხე მოდის იქიდან, სადაც მომხმარებლის თვალი ვერასდროს ხვდება.