თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ელოდებიან

ნკ

საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში ბრუნდება. რეისი კიოლნი-თბილისი დაახლოებით ერთ საათში დაჯდება. ამ წუთებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დიდი ზეიმია, გულშემატკივრები არიან შეკრებილები და „ჯვაროსნების“ დაბრუნებას ელოდებიან. ქომაგები ქართული დროშებით, პლაკატებით, ნაკრების მაისურებით და სხვადასხვა ატრიბუტიკით არიან წარმოდგენილი.

გულშემატკივრებმა ეროვნული ნაკრების დახვედრა საკუთარი ინიციატივით დააორგანიზეს. საღამოს, 22:00 საათზე კი თავისუფლების მოედანზე ნაკრების დახვედრის მთავრობის მიერ დაანონსებული ღონისძიება გაიმართება.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.