თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე 23 ოქტომბერს მოძრაობა სრულად შეიზღუდება

გზა

23 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება. გადაადგილება შეიზღუდება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ ბარათაშვილის ქუჩაზე არსებულ პანდუსამდე, ხოლო რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები - პირველი რესპუბლიკის
მოედნამდე; მოძრაობა დასაშვები იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით; ივანე მაჩაბლის ქუჩაზე შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება და ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ასათიანის ქუჩიდან, მაჩაბლის ქუჩის გავლით.

პეტრე მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრას მძღოლები სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის, თამარ ჭოველიძის, მიხეილ ზანდუკელის ქუჩების გავლით, შემდგომ კი, ვასილ ბარნოვის, იაკობ გოგებაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ; მთაწმინდის რაიონის დანარჩენი ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა, დასაშვები იქნება ალექსანდრე გრიბოედოვის, კოტე მაყაშვილის, ვასილ ბარნოვისა და აკაკი შანიძის ქუჩების საშუალებით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, შეძლებენ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით გადაადგილდნენ.

შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება აღნიშნულ ტერიტორიებზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ის ნაწილი, რომელიც რუსთაველის გამზირიდან მოძრაობდა ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, ამჯერად ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, შემდეგ კი მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს; გორგასლის ქუჩიდან და ავლაბრის მოედნიდან მოძრავი ავტობუსები მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ, ხოლო უკუმიმართულებით მოძრაობისას, თავდაპირველად, მოუხვევენ პუშკინის ქუჩის დასაწყისში, შემდეგ კი გადაადგილდებიან დადგენილი სქემით.

ავტობუსები: N301, N309, N310, N337 და N345 ბარათაშვილის ხიდიდან მარჯვნივ მოხვევით დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით გადაინაცვლებენ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზისკენ, შემდეგ კი მგზავრთა მომსახურებას დადგენილი სქემით განახორციელებენ. აღნიშნული ავტობუსები უკუმიმართულებით მოძრაობისას, ისარგებლებენ იმავე გზასავალით, ხოლო პუშკინის ქუჩის დასაწყისთან მოხვევის შემდეგ, გადაადგილდებიან დადგენილი სქემით.

თბილისი-კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი ტრანსპორტი გაჩერდება ამაღლების ქუჩის N11-თან და მგზავრებს უკუმიმართულებითაც იმავე მისამართიდან მოემსახურება.

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე იმოქმედებს.