„თავისი ფეხით მისულა საავადმყოფოში. თურმე ამბობდა, მხოლოდ ხელი მაქვს საოპერაციოო“ - ბექა ჩხაიძე მეგობარს, ლაშა გოგიაშვილს იხსენებს

beqa

9 ოქტომბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს, ლაშა გოგიაშვილს მომღერლები და ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები ემოციურად ემშვიდობებიან. ლაშა მღეროდა, იყო ანსამბლ "ლაშარის" წევრი. არაერთ კონცერტზე გამოსულა. ფართე საზოგადოების წინაშე ის ასევე წარსდგა "ჯეოსტარის" 2010 წლის ხალხურ ტურზე. აქედან გამომდინარე, მას შოუბიზნესში ბევრი მეგობარი ჰყავდა. 

ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალებამ ძალიან იმოქმედა გიორგი უშიკიშვილზე.

"ბევრი სიხარული და ტკივილი გაგვივლია ერთად. ასეთი დიდი ტკივილი დიდი ხანია არ მიგრძვნია! ძალიან მიჭირს დაჯერება, რომ ვერასდროს ვეღარ შევხვდებით და ვერ გავიგებ შენს ხმას" - წერს უშიკიშვილი.

მომღერალი ბექა ჩხაიძე კი მეგობარს "პრაიმტაიმთან" ემოციურად იხსენებს.

ბექა ჩხაიძე: მკვდარი ვარ, გული ჩამწყდარი მაქვს, ისეთი საყვარელი კაცი აღარ არის ამქვეყნად.

ქართველებს ხომ სენი გვაქვს, კაცი რომ გარდაიცვლება, მერე ვიწყებთ მის ქება-დიდებას. ლაშა ის გამონაკლისია, რომელსაც არ ეკუთვნის ის, რომ გარდაცვალების შემდეგ უწევს ქება-დიდება.

შვილებს ვფიცავ, მსგავსად სამეგობროდ ძვირფასი, საყვარელი, მისნაირი გულის მქონდე კაცი, თუ სადმე, ამ ხელოვნების სფეროში მენახოს, არა კაცი ვიყო.

"ლაშარში" მღეროდა. საოცრად ასრულებდა სიმღერას. საძმაკაცო რომ შევიკრიბებოდით, ერთად ვმღეროდით. 

ეტყობა ასეთი ბედი იყო: ამ ბოლო დროს, რვა საათზე რომ დავიწყებდით, დილის შვიდ საათამდე ვქეიფობდით. ლაშა თვითონ მეუბნებოდა, ეს ახალგაზრდობაში არ გვიქნია და ამ სიბერეში რა გვჭირს, თავზე რომ ვითენებთო? დილით გაიქცეოდა თერჯოლაში. გადამკვდარი იყო იქაურობას, ისეთი პასუხისმგებლობით ასრულებდა თავის საქმეს. 

ყველაფერში საუკეთესო იყო - სიმღერაში, სამეგობროში, ოჯახში, შინ თუ გარეთ. უბადლო, უტკბილესი კაცი იყო. 

დედამიწაზე დაბადებულ კაცს ვერ ნახავთ, მასზე ცუდის მთქმელი რომ იყოს. ვისაც კი იცნობთ კულტურის სფეროში, ყველას გული მოგვიხარშა, მისმა ასე მოულოდნელად გარდაცვალებამ. მოტოციკლეტის გაზმა რომ გაუჭედა და ტრაილერს შეასკდა, თავისი ფეხით მისულა საავადმყოფოში. თურმე ამბობდა, მხოლოდ ხელი მაქვს საოპერაციოო. 

მთელი საქართველოს მეგობარი იყო და ყველას მწუხარებას ვიზიარებ.

„ქართული ოცნების“ წევრი, 42 წლის ლაშა გოგიაშვილი, თერჯოლის მერის თანამდებობაზე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მეორედ აირჩიეს.