თამბაქოს წარმოება, შესაძლოა, ლიცენზირებადი საქმიანობა გახდეს, სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი კი 50 000 ლარი იქნება

თამბაქო

თამბაქოს წარმოება, შესაძლოა, ლიცენზირებადი საქმიანობა გახდეს, სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი კი 50 000 ლარი იქნება.

შესაბამისი ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.

პროექტის მიხედვით, თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესი და პირობები საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება.

„თამბაქოს წარმოების დარგში ჯანმრთელობისთვის საშიში ნედლეულის გამოყენების შემცირებისთვის აუცილებელია თამბაქოს წარმოების პროცესის და, ზოგადად, აღნიშნული დარგის გაჯანსაღება-გაძლიერება. მაღალტექნოლოგიური გადამამუშავებელი ინდუსტრიის მქონე მწარმოებლების მიერ თამბაქოს წარმოება მწეველთა ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტებს საგრძნობლად ამაღლებს, მაშინ როდესაც თამბაქოს არაკეთილსინდისიერი მწარმოებლების მიერ წარმოება მწეველთა ჯანმრთელობისთვის უდიდეს რისკს ქმნის. სწორედ აღნიშნული მაღალი სტანდარტის მისაღწევად საჭიროა, თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა გახდეს“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.