„სუფრასთან გარდაიცვალა, თამადა იყო, ლექსს კითხულობდა“ - რას იხსენებს გიზო ნიშნიანიძის მეუღლე

გიზო ნიშნიანიძე

„ძნელია იყო პოეტის ცოლი, მთელი ცხოვრება მასთან იარო. თვითონ პოეტი უნდა იყო, რომ პოეტის ბედი გაიზიარო” – მწერალმა, პოეტმა და ჟურნალისტმა გიზო ნიშნიანიძემ ეს სტრიქონები საყვარელ ქალს, ლიანა კეჭაყმაძეს მიუძღვნა, რომელთან ერთადაც 58 წელი გალია. ამ სიყვარულზე ქალბატონი ლიანა ,,სარკეს” უამბობს:

– ოჯახი რომ შევქმენით, მე 19 წლის ვიყავი, გიზო – 25 წლის. ამ დროს უმაღლესი დამთავრებული ჰქონდა და გაზეთ ,,ახალგაზრდა კომუნისტში” ჟურნალისტად მუშაობდა. ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით, სადაც ბიოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც გიზო ჩემთან მოვიდა და გამეცნო. იმ დროს სტალინი გარდაიცვალა და უნივერსიტეტში სამგლოვიარო განწყობა სუფევდა. ეს მომენტი კარგად გამოიყენა, ცდილობდა, ჩემთან ახლოს ყოფილიყო. მერე ხუმრობდა, ლიანა საპატიო ყარაულში იდგა და სად გამექცეოდა, სიყვარული იქ ავუხსენიო.

გიზოს რომ შევხვდი, იმ დროს სხვაზე ვიყავი დანიშნული. ეს რომ გაიგო, მეტად მოინდომა ჩემი გულის მონადირება. თავისი შეუპოვრობით ყველაფერი გააკეთა, რომ მისი ცოლი გავმხდარიყავი. თავი შემაყვარა და ვიქორწინეთ კიდეც. ქორწილი რომ გადავიხადეთ, მაშინ უკვე 6 თვის ორსული ვიყავი. ქორწილი იმის გამო დაგვიანდა, რომ მშობლები თავიდან ნაწყენი იყვნენ ჩემზე, რადგან სხვაზე ვიყავი დანიშნული და ცოლად სხვას გავყევი. ბოლოს შეგვირიგდნენ.

ჩვენი თანაცხოვრება 58 წელს გაგრძელდა. გიზოს გვერდით ცხოვრება იოლი არ იყო, რადგან ძალიან რთული პიროვნება გახლდათ. ყველაფერში ვგრძნობდი მის უპირატესობას და ნიჭიერებას და პატივს ვცემდი.

ბედნიერი წასვლა

–  ისეთი მშვიდი და სანატრელი სიკვდილი ჰქონდა, ყოველგვარი ტანჯვის გარეშე, როგორსაც თავადაც აღწერდა ხოლმე. საჩხერეში იმყოფებოდა, სუფრასთან, რომელსაც სამების მგალობელთა გუნდიც ესწრებოდა, თამადა იყო. თურმე ბედნიერი იყო, მათ გალობას რომ უსმენდა და თან ამბობდა, სამოთხეში ვარო. შემდეგ თავის ერთ-ერთ ნაწარმოებს ,,ოდა კახეთზე” კითხულობდა და  სწორედ იმ მომენტში გარდაიცვალა.

გიზო 83 წლის იყო და კარგად იცოდა, რომ სიკვდილი არცთუ ისე შორს იყო, ამიტომაც ნატრობდა, ამ ქვეყნიდან მშვიდად წასულიყო. დიდი ტკივილი და სტრესი იყო, როდესაც ქმრის გარდაცვალება შევიტყვე. კაცი საქეიფოდ გავუშვი და სახლში ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა, თუმცა, რომ გავიგე, რა გარემოში და როგორ გარდაიცვალა, ამან ტკივილი ცოტათი შემიმსუბუქა.

წყარო: „სარკე