Starring Georgia-ს საერთაშორისო აღიარება – ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინ ჟურნალი მსოფლიოში – International Business Times UK Starring Georgia-ს შესახებ წერს

საქართველო

გავლენიანმა ბრიტანულმა ბიზნეს გამოცემამ International Business Times გამოაქვეყნა სტატია, სადაც განხილულია, როგორ შეცვალა ქართულმა კომპანიამ Starring Georgia-მ ქვეყნის თანამედროვე კულტურული და გასართობი ლანდშაფტი. სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა Black Sea Arena-ს როლს და საქართველოს პოზიციონირებას საერთაშორისო მუსიკალურ რუკაზე.
 
„როდესაც შავი ზღვის რეგიონებზე ფიქრობთ, გონებაში მაშინვე მოდის შესანიშნავი სანაპიროები, სტუმართმოყვარე მასპინძლები და ტურისტული ატმოსფერო. თუმცა, რამდენიმე წლის წინ რთული იქნებოდა წარმოდგენა, რომ ეს ადგილები პასიური დასვენების ლოკაციებიდან ახალი კულტურული ცვლილებების კერებად გადაიქცეოდა. ქართულ რეალობაში ეს პროცესი უკვე დაწყებულია და შეიძლება ითქვას, შეუქცევადად მიმდინარეობს. ამ პროცესის ყველა ელემენტს კი ერთი სახელი აერთიანებს – Starring Georgia.

Starring Georgia არის კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც გლობალური მასშტაბის კულტურულ და გასართობ ცენტრად დამკვიდრებას. ამ ინიციატივის მასშტაბურობასა და მნიშვნელობაში იმ არტისტების ჩამონათვალიც მარტივად გვარწმუნებენ, ვინც ბოლო წლებში საქართველოს ეწვივნენ, მაგრამ აქ ყველაფერი არ მთავრდება. ეს გაერთიანება, თავის მხრივ, რამდენიმე მნიშვნელოვან სივრცეს მოიცავს: Black Sea Arena-ს, სოციალურ სივრცეს, ფილარმონიას, ციცინათელას, მინიატურებისა და მუსიკოსთა პარკებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი პროექტ Starring Georgia-თი დაიწყო, ბოლო სამი წლის განმავლობაში განვითარებისკენ გადადგმულმა სწრაფმა ნაბიჯებმა სრულიად ახალი რეალობა შექმნა

„საათნახევარში ჩატეული ყველა ემოცია, რისთვისაც Starring Georgia არსებობს – ერთხმად ამღერებული 10 000 ადამიანი, ათასობით უცნობი მელომანის გაზიარებული საერთო ენერგია, ყველა თაობისთვის საყვარელი სიმღერები და მათ ფონზე აფრიალებული საქართველოს დროშა” – Scorpions-ის ლაივის შემდეგ Black Sea Arena-ს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ეს პოსტი არა მხოლოდ კონკრეტულ მუსიკალურ ღონისძიებას, არამედ Starring Georgia-ის მთლიან სულისკვეთებასაც იდეალურად აჯამებს. თუმცა, აქ არ უნდა შევცდეთ, ჩვენ არ ვსაუბრობთ ცალკეულ მუსიკალურ გამოცდილებებზე, რეალურად საქმე ბევრად დიდ რამეს ეხება.

ამ იდეის მთავარი ღირსებაა ქვეყანაში მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ საქართველო გახდეს გლობალური გასართობი ინდუსტრიის სრულფასოვანი წევრი. ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯები კი მულტიფუნქციურ ეკოსისტემაში ერთიანდება, რომელიც ორ ძირითად ასპექტს მოიცავს: ერთის მხრივ, ურბანული სივრცეების გაჯანსაღების პროცესს და მეორეს მხრივ, რეგიონული კულტურული სივრცეების აღორძინებას.

ხედვა და მისია: რატომ შეიქმნა Starring Georgia?

იმისათვის, რომ საქართველო გამხდარიყო საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებების მუდმივი მასპინძელი და მუსიკისა თუ გასართობი ინდუსტრიის რეგიონული ჰაბი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ტექნოლოგიური კუთხითაც. Starring Georgia-ს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო, რომ ყველა საკონცერტო სივრცე თუ ვენიუ სრულყოფილად მორგებოდა იმ სტანდარტებს, რომელიც დღეს ამ კუთხით არსებობს.

ამის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოში გვაქვს ისეთი ხმის სისტემა და ინსტრუმენტები, რომლებიც ერთნაირი წარმატებით აკმაყოფილებს როგორც დამწყები ინდი ბენდების, ასევე 50-წლიანი ისტორიის მქონე მუსიკალური გიგანტების სტანდარტებს. L-Acoustics, Eurotruss და Claypaky – ეს ბრენდები დიდი ხანია მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში უმაღლეს სტანდარტს განსაზღვრავენ. მათი ინტეგრირება ქართულ რეალობაში ნიშნავს, რომ ადგილობრივი სივრცეები ტექნოლოგიურად სრულად პასუხობენ იმ საერთაშორისო მოთხოვნებს, რომელიც ყველა მასშტაბურ საკონცერტო გამოცდილებას სჭირდება.

ხმის სისტემების გარდა, ფაქტობრივად მთლიანად შეიცვალა სცენის ასაწყობი ინფრასტრუქტურაც, რაც საშუალებას იძლევა, ფურცელზე შესრულებული ურთულესი ნახაზები მსმენელის თვალწინ ცოცხალ კონსტრუქციებად იქცეს. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს განათების სისტემები, რომლებიც ყოველი პერფორმანსის ვიზუალური ჯადოქრობის მთავარი წყაროა, და ეს ჩამონათვალი უსასრულოდ გრძელდება.

ამ გზაზე კი, ტექნოლოგიური ამოცანების გადაჭრის პარალელურად, Starring Georgia-მ მკაფიოდ გამოხატა სოციალური პასუხისმგებლობა. ეს აისახება როგორც ეკო-ინიციატივებში, ასევე კულტურული პროცესების მხარდამჭერ ღონისძიებებში. მაგალითად, ბევრმა არ იცის, რომ შეკვეთილში განთავსებული ქვეყნისთვის პირველი ეკომეგობრული სივრცე, სოციალური სივრცე, რომელიც ხის უნიკალური დიზაინით გამოირჩევა, აბსოლუტურად გადამუშავებული მასალით არის აგებული. ამავე სივრცეში მუდმივად იმართება ეკო-ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული სემინარები, რათა არ დაგვავიწყდეს, რომ პროგრესი არ შეიძლება ბუნებას სასიცოცხლო კომპრომისის ფასად დაუჯდეს. ამ იდეების ფართოდ გაშლის და ადამიანების გულთან თუ გონებასთან მიტანის საშუალებას კი ის მრავალფეროვანი სივრცეების ერთობლიობა იძლევა, რომელიც ჯამში ქმნის Starring Georgia-ს სულისკვეთებას.

ეკოსისტემის გული: ვენიუების პორტფოლიო

Starring Georgia-ს ეკოსისტემის გულისცემა Black Sea Arena-ზე გადის, მულტიფუნქციურ სივრცეში, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, გურიის რეგიონში მდებარეობს. დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და ოფიციალურად 2016 წელს გაიხსნა. ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი საუკეთესო ტექნიკით, მოძრავი მნათობი კედლებითა და მოძრავი სახურავითაა აღჭურვილი.

მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ერთი შეხედვით მშრალი ტექნიკური დეტალები ლამის ერთი დეკადაა წარუშლელ ემოციურ გავლენას ახდენს შეკვეთილში ჩამოსულ მსმენელზე. ამ სივრცეს უკვე უნახავს თავიანთი საყვარელი ბენდის მოსასმენად მოსული აღტაცებული თინეიჯერები, ბაბუების და შვილიშვილების თაობის გამაერთიანებელი კონცერტები და ქართული ფოლკლორული ტრადიციების თანამედროვე რეალობაში გაცოცხლებაც. OneRepublic, Scorpions, The Killers, Black Eyed Peas, Jessie J იმ არტისტების არასრული ჩამონათვალია, ვისი სტუმრობაც შეკვეთილში ნამდვილ ზეიმად იქცა.

„პირველად მიმყავს ბაბუაჩემი თავისი საყვარელი ბენდის კონცერტზე” ან “მამაჩემს სიურპრიზს ვუკეთებ” – ამ წინადადებებით დაწყებული ვიდეოები სოციალური ქსელის ახალ აღმოჩენად იქცა და გასაოცარი არც არაფერია, Black Sea Arena-მ ყველა თაობის თუ ინტერესის ადამიანს მისცა საშუალება მუსიკის უნივერსალური ენა გამოეყენებინა.

უნიკალური არქიტექტურული გადაწყვეტებით და ცოცხალი ენერგიით გამორჩეული სივრცე 10 000 ადამიანს იტევს და საშუალებას იძლევა, რომ ვუმასპინძლოთ როგორც მუსიკალურ წარმოდგენებს, ასევე თეატრალურ დადგმებსა და კონცეპტუალურ ღონისძიებებს.

„ადრე, ამ რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები შედარებით შეზღუდული იყო და თავის სრულ პოტენციალს ვერ ავლენდა. ბლექ სი არენამ და იმ ეკოსისტემამ, რომელიც მის ირგვლივ შეიქმნა, ეს რეალობა შეცვალა” – ციცი იაშვილი, Starring Georgia-ს სტრატეგიული განვითარების კრეატიული ხელმძღვანელი იხსენებს, რომ ბლექ სი არენას მიერ დაორგანიზებული კულტურული ღონისძიებები ბევრი ახალგაზრდისთვის პირველი ბიძგი იყო, რომ ამ რეგიონში ჩამოსულიყვნენ და ახალი გამოცდილებები მიეღოთ.

უკანასკნელი დეკადის განმავლობაში Black Sea Arena-მ სცენა ადგილობრივი სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებსაც აქტიურად დაუთმო და ქართული კულტურული გარემოს განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ბუნებრივია ცალკეული არტისტების და პოპულარული მუსიკოსების ვიზიტი გარკვეულ იმპულსს ქმნის, მაგრამ იმისთვის, რომ განვითარების პროცესი შეუქცევადი გახდეს, ერთეული შემთხვევები საკმარისი არასდროს არის. Starring Georgia-ს პროექტი და მის ქვეშ არსებული სხვადასხვა ინიციატივები სწორედ ამ გამოწვევაზე პასუხად შეიძლება მივიღოთ.

ამ ინიციატივების ერთ-ერთი საყრდენი წერტილია Starring Georgia-ს ეკოსისტემის კიდევ ერთი ფლაგმანი, თბილისის ფილარმონია, რომელიც უკვე 50 წელზე მეტია კლასიკური და თანამედროვე მუსიკის გამაერთიანებელი ურბანული ცენტრია.

„ამ შენობასთან თანაცხოვრებაა საჭირო – მას საკუთარი ატმოსფერო უკვე შექმნილი აქვს და თვითონ გკარნახობს, თუ როგორ უნდა მოიქცე, როგორ ღონისძიებებს უმასპინძლო და როგორ გააცნო სტუმრებს მისი მემკვიდრეობა” – Starring Georgia-ს გუნდი კარგად აცნობიერებს, რომ ფილარმონია ქვეყნის სავიზიტო ბარათია, რომელიც დედაქალაქის კულტურ ცხოვრებაში ყოველთვის გადამწყვეტ როლს უნდა ასრულებდეს. სწორედ ამიტომ, 2025 წელს, დაიგეგმა ფილარმონიის ფუნდამენტური, მაგრამ იდენტობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული განახლების პროექტი.

შეუძლებელია განახლების პროცესში არ გაითვალისწინო ის ფაქტი, რომ ამ სივრცის აკუსტიკურ რეალობას უკანასკნელი 50 წლის მანძილზე Sun Ra, Roy Ayers, Erykah Badu, Jamiroquai, George Benson და მუსიკალური სამყაროს სხვა გიგანტები ქმნიდნენ. თუმცა, ამავდროულად, შეუძლებელია ამ ენერგიით გაჯერებულ შენობას არ მისცე შესაძლებლობა, შეასრულოს უფრო დიდი და მნიშვნელოვანი მისია.

განახლების პროექტის პარალელურად, ფილარმონიის ბაზაზე პროექტი “ფილარმონია – დროის კადრები”, შეიქმნა რომლის მიზანია, რომ კულტურული მემკვიდრეობა ხელშესახებ, ცოცხალ ორგანიზმად გარდაიქმნას. ბლოგპოსტების, ფოტო და ვიდეო მასალის თუ გაციფურლებული ფირების მეშვეობით, “ფილარმონია – დროის კადრები” მოგიყვებათ ისტორიას, რომელიც დეკადებია იწერება და შეიძლება დროის სივრცეში დაკარგულიყო. ეს არ არის ერთადერთი საგანმანათლებლო იდეა, რომელიც Starring Georgia-ს ქოლგის ქვეშ ვითარდება. ამის ძალიან კარგი მაგალითია შეკვეთილში მდებარე “სოციალური სივრცე”, რომელიც მიზნად ისახავს იმ ემოციური გარემოს შექმნას, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ როგორც მუსიკით დატკბნენ, ისე შინაგანად განიტვირთონ.

ეკოლოგიური ცნობიერების გათვალისწინებით შექმნილი არქიტექტურული დიზაინი, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაზე ორიენტირებული სესიები და საერთო სამუშაო სივრცის არსებობა “სოციალურ სივრცეს” აბსოლუტურად უნიკალურ დანიშნულების წერტილად აქცევს. ამ სივრცეში სტუმრებს შეუძლიათ ისეთი აქტივობებით დაკავდნენ, რომლებიც შინაგან ბალანსზეა ორიენტირებული – იქნება ეს ჩაის ცერემონია, თაიჩი, ციგუნი თუ იოგა. მუსიკალური მხარეც მუდმივად ბუნებასთან ჰარმონიაზეა აწყობილი. ამის საუკეთესო მაგალითია ფესტივალი All Day I Dream, რომელიც Lee Burridge-ის კურატორობით უკვე ზედიზედ მესამე წელია ტარდება.

ამ დანიშნულების წერტილის მისია უკვე გაიაზრა ათასობით ადამიანმა, ვინც შეკვეთილში ახალი ემოციების, შთაბეჭდილებების თუ ცოდნის მისაღება და გასაზიარებლად ჩამოვიდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ “სოციალური სივრცე” მუსიკოსთა პარკის მიმდებარედ შეიქმნა – პარკის, რომელიც ღია ცის ქვეშ განლაგებული მუსიკალური სკულპტურებით და სასეირნო ბილიკებით გამოირჩევა. ამ სივრცის დანიშნულება დროის საინტერესოდ გატარების გარდა, საგანმანათლებლო და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაა, რაც Starring Georgia-ს სულისკვეთების ბუნებრივი გაგრძელებაცაა.

ამ ეკოსისტემის განსაკუთრებული წევრია ციცინათელას პარკი, რომელიც საოჯახო გართობის და დასვენების კუთხით რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი სივრცეა. რეალურად ეს არის ატრაქციონების პარკი, სადაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი არჩევანია. 40-ზე მეტი ატრაქციონი სხვადასხვა ასაკის და გემოვნების ადამიანზეა გათვლილი და მათ შორის ექსტრემალური ატრაქციონების მოყვარულებისთვისაც. იმავე ტერიტორიაზე განთავსებულია პარკი “საქართველო მინიატურებში“, სადაც მთელი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ერთ სივრცეშია განთავსებული. ამ მრავალფეროვნების დასტურია ის დიდი გეგმებიც, რომელიც Starring Georgia-ს ამ ლოკაციის მიმართ აქვს:

„გვინდა, რომ ციცინათელას პარკის მიმდებარე ტერიტორია ახალ ვენიუდ ვაქციოთ, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ არა მხოლოდ 10 000 მელომანს , არამედ 40 000 ათასი ადამიანს ვუმასპინძლოთ”

ბუნებრივია, რომ ამ რიცხვების ზრდას თავისი წინაპირობაც სჭირდება – მუსიკოსები და ბენდები, რომელთაც შეუძლია ყველა თაობის გაერთიანება და ერთ სივრცეში მოქცევა. Black Sea Arena-ს გუნდი გვპირდება, რომ ამ კუთხით ნამდვილად ხმაურიან გადაწყვეტილებებს მიიღებს და ახალ ეტაპზე გადაიყვანს Starring Georgia-ს შესაძლებლობებს“.