„სტამბაში“ თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის პროტოკოლის ძალაში შესვლის ხელშემწყობი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თამბაქო

სასტუმრო „სტამბის“ საკონფერენციო დარბაზში თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის პროტოკოლის ძალაში შესვლის ხელშემწყობი, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის პროტოკოლის ძალაში შესვლის ხელშეწყობაა. შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო გამოცდილება და პროტოკოლთანმიერთების დადებითი მხარეები. განისაზღვრა პროტოკოლთან მიერთებისთვის საჭირო შემდგომი ღონისძიებები.

არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ლელა სტურუას განცხადებით, თამბაქოს კონტროლის გაძლიერება ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“

მისი თქმით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სწორედ თამბაქოს კონტროლია.

„უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, უკანონო ვაჭრობის შემთხვევები ნამდვილად არის, ამას ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები საკმაოდ კარგად უმკლავდება. მაგრამ ვინაიდან ჩვენს მიერ დეკლარირებულია და ამას ასევე ევროკავშირის მიერთების ასოციაციის შეთანხმებაც გულისხმობს, რომ თამბაქოს ფასების ზრდა უნდა მოხდეს, უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხი დგას დღის წესრიგში. ეს პროტოკოლი საშუალებას მოგვცემს, რომ მნიშვნელოვნად შევამციროთ უკანონო ვაჭრობა. მით უმეტეს. ცნობილია, რომ გვაქვს ისეთი საზღვრები, რომლებსაც რეალურად, საზღვრებად არც ვცნობთ, ესაა ჩვენი სამაჩაბლო და აფხაზეთი და გაკონტროლება არ არის მარტივი. უკანონო ვაჭრობის პროტოკოლთან მიერთება, მით უმეტეს, როდესაც საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვან დახმარებას გვთავაზობს როგორც ტექნიკურ, ასევე ფინანსურს, დატრენინგდებიან ჩვენი საბაჟოს წარმომადგენლები, გადაეცემათ მათ სხვადასხვა აპარატურა - ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მნიშვნელოვნად შევამციროთ და საერთოდ აღმოვფხვრათ უკანონო ვაჭრობა, როგორც სხვა ქვეყნები აკეთებენ, თან ძალიან წარმატებულად.

პროტოკოლთან მიერთებაზე მზაობა განვაცხადეთ. ძალიან მაღალ დონეზეც იქნა ეს დეკლარირებული და სწორედ ეს შეხვედრა ემსახურება იმას, რომ გადავწყვიტოთ, რომელმა უწყებამ  რა ნაბიჯები გადავდგათ, რომ ამ წელს მოვახერხოთ პროტოკოლთან მიერთება, მით უმეტეს, თამბაქოს კონტროლის ეროვნული სტრატეგია ამას მიგვითითებს“, - განაცხადა არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელის, გიორგი ბახტურიძის განცხადებით, აღნიშნულ პროტოკოლს უკვე მიერთებულია 64 ქვეყანა და საქართველოს მიერთება მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვისაც, რათა დაცული იყოს მისი საზღვრები საქართველოდან თამბაქოს კონტრაბანდული ნაწარმის შესვლისგან.

„პროტოკოლთან მიერთება საქართველოს შესაძლებლობას მისცემს გაიზიაროს სხვა ქვეყნების გამოცდილება, მიიღოს ტექნიკური დახმარება, გაამკაცროს ადმინისტრირება და კორუფციასთან ბრძოლა, რისი განსაკუთრებული საჭიროებაც არის კონფლიქტურ რეგიონთან, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე, საიდანაც კონტრაბანდული თამბაქოს ნაწილი შემოდის“ - აღნიშნავენ „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“.