1732481218
„სიკვდილთან ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვარ... იქ ქალები არ დაიშვებიან...“ - ლიკა დუმბაძე ეგზოტიკური თავგადასავლებით და საოცარი ისტორიებით
“არასოდეს მიოცნებია მოგზაური გავმხდარიყავი, ყველაფერი ბუნებრივად, ჩემი შინაგანი სურვილების გათვალისწინებით მოხდა. ეს სურვილი კი არ ჩამქრალა, პირიქით უფრო და უფრო გაღვივდა და უკვე 8 წელია ფაქტობრივად მომთაბარე ცხოვრებით ვცხოვრობ. ამ ხნის განმავლობაში არცერთ ქვეყანაში გადაბმულად, 7 თვეზე მეტი არ გამიტარებია. მიყვარს ცვლილებები, მოძრაობა და კომფორტის ზონას როგორც კი ვგრძნობ, მალევე დატოვების სურვილი მიჩნდება. მსოფლიო უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვანია და როცა მისი გემო გასინჯული გაქვს, რთულია ერთ ადგილას დაფუძნება” – ამბობს მოგზაური ლიკა დუმბაძე, რომელსაც მკითხველი უკეთესად იცნობს სახელით -„სად არის ლიკა“.
ლიკა დუმბაძე: მოგზაურობის მიმართ ინტერესი მაშინვე გამიჩნდა, როგორც კი პირველად მოვიკიდე ზურგჩანთა და საქართველოს გარშემო დავიწყე ლაშქრობა. შემდეგ საზღვარგარეთ, მაგისტრატურაზე სწავლის დროს, არეალი გაფართოვდა და ისე ვგეგმავდი ჩემს ყველა ნაბიჯს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მეცხოვრა. ჯერ გაცვლითი პროგრამის და სტაჟირებების საშუალებით ვახერხებდი ამას. თეზისის დაწერის დრო როცა მოვიდა, მივხვდი, ევროპის კონტინენტზე ცხოვრება აღარ მაკმაყოფილებდა და ბუენოს აირესში გადავედი საცხოვრებლად. იმ დროიდან უბრალო ხალხის ცხოვრება მაინტერესებდა და ყველა ქვეყნის კულტურის გაცნობის უდიდესი სურვილი მქონდა, ამიტომ დავდიოდი სოფელ-სოფელ, ვსწავლობდი ადგილობრივების ენას, მათ ადათ-წესებს. სიმართლე გითხრათ, მაშინ არც მიფიქრია, რომ მოგზაურის ცხოვრებით ვცხოვრობდი.
- თქვენ ბრძანეთ რომ სხვაობაა მოგზაურსა და ტურისტს შორის. უფრო კონკრეტულად ამ სხვაობაზე.
- დიახ, ჩემთვის მოგზაური და ტურისტი განსხვავდება ერთმანეთისგან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ტერმინს შორის საკმაოდ მკრთალი ხაზია გავლებული. განსხვავება უფრო ფილოსოფიურია. ტურისტი ძირითადად გეგმების მიხედვით მოგზაურობს, შედგენილი აქვს სანახავი ადგილების სია, ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებს… მოგზაურები უფრო გრძელი ვადით მიდიან, გეგმების გარეშე მოგზაურობენ და უპირატესობას სპონტანურობას ანიჭებენ. გზას ადგილობრივების დახმარებით იკვლევენ, მათგან ცდილობენ რაიმე მოულოდნელის და ახლის აღმოჩენას. სულ ბილიკიდან გადახვევას და იმ ადგილების მონახულებას ლამობენ, სადაც ბევრი ადამიანი არ ყოფილა. ასეთი მოგზაურობის დროს, ისეთი ადამიანები მინახავს, ცხოვრებაში წყალი რომ არ მიჰკარებიათ სხეულზე. ტურისტები მოგზაურობისას ადგილობრივებს ხომ ფოტოებს უღებენ ხოლმე, ჩვენთან პირიქით ხდება – ისეთ ადგილებში დავდივართ, აქეთ გვიღებენ ფოტოებს, რადგან ევროპელებს პირველად ხედავენ. ზოგან ჩემი ცისფერი თვალები აკვირვებთ, ამფერთვალებიანი ადამიანი ტელევიზორს მიღმა პირველად ვნახეთო, გვეუბნებიან, ფილმის გოგოს ჰგავხარო. ბავშვები, დიდები, ყველა ხელს გიქნევენ და ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს შენ კი არა, პრინცესა დაიანამ ჩამოიარა . სრულად
ასევე ნახეთ:
VIDEO: დედასთან და გელა გნოლიძესთან ერთად „მაკარენაზე“ აცეკვებული ბაბი კირკიტაძე
VIDEO: „გორდელას“ შესრულებული ისრაელის ჰიმნი „შუადღის“ ეთერში