„შვილი ითხოვს დედის გამოსახლებას...“ - იურისტი მძიმე ისტორიის შესახებ საუბრობს და საზოგადოებას რჩევებით მიმართავს

იპოთეკა

იურისტი, კახა კოჟორიძე სოციალურ ქსელში ძალიან მძიმე და ემოციურ ამბავზე საუბრობს, რომელიც მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.

როგორც კოჟორიძე საუბრობს, საქმე ეხება შვილისგან დედის სახლიდან გასახლების მცდელობას. 

„მძიმე ისტორია მომიყვა ქალმა. ისტორია არის ასეთი. წლების წინ იყიდა ბინა, რომელიც დარეგისტრირდა შვილის სახელზე. გავიდა რაღაც პერიოდი და ახლა შვილმა შეიტანა სარჩელი და ითხოვს დედის გამოსახლებას. სხვა სახლი ამ ქალს არ გააჩნია. გულსაკლავად ტიროდა ეს ქალი, მაგრამ ბინაზე მეტად შვილის უმადურობას ტიროდა. და შვილი ღია ცისქვეშ ტოვებს. შექსპირს აქვს ნათქვამი: „არაფერია იმაზე მტკივნეული, ვიდრე უმადური შვილი“

კოჟორიძე ასევე იხსენებს ამბავს, როცა მას საიაში მუშაობის დროს მიმართა ბებომ, რომელმაც შვილიშვილს ბინა აჩუქა და ამის შემდეგ შვილიშვილმა მისი გამოსახლება გადაწყვიტა.

იურისტი ამ ორი საქმის დეტალებზე საუბრობს და საზოგადოებას რჩევას უზიარებს, როგორ მოიქცნენ ბინის შეძენის შემთხვევაში:

„ვის უნდა ენდოთ თუ არა ოჯახის წევრს, მაგრამ იცოდეთ ყველა ნდობას არ იმსახურებს. მე რამდენიმე რჩევას მოგცემთ და თქვენ გადაწყვიტეთ, გაითვალისწინებთ თუ არა:

ნუ გააჩუქებთ ერთადერთ სახლს... შეიძლება დარჩეთ ღია ცის ქვეშ. თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ანდერძი. ან საერთოდ ანდერძიც რომ არ დაწეროთ, არაფერი რომ არ გააკეთოთ, ქონება არსად დაიკარგება. როცა აღარ ვიქნებით, ეს ქონება დარჩება მემკვიდრეებს. 

როცა ბინას შეიძენთ საკუთარი თანხით, გაიფორმეთ თქვენს სახელზე. ზოგჯერ ჩუქებას და პატივისცემას მოაქვს უკუშედეგი.

და კარგი ადვოკატი ჩართეთ დროულად. სიმართლის დაცვას სასამართლოში სჭირდება კარგი ადვოკატი. თუ ადვოკატი არ დაიცავს ამ სიმართლეს, ის შეიძლება დაიკარგოს. დროული ჩართულობა დაგიზოგავთ ხარჯებსაც.