შსს-ს და ჯანდაცვის სამინისტროების თანამშრომლები გუდაურში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულ ადამიანებს პატივს მიაგებენ

mashvelebi

„ვუსამძიმრებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს, ვიზიარებ ამ დიდ ტრაგედიას. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს, ძალიან კარგი ადამიანები, პროფესიონალი თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები, გმირები დავკარგეთ, რომლებიც მუდმივად ორიენტირებული და კონცენტრირებული იყვნენ მოვალეობის შესრულებაზე. ეს ყველა ჩვენგანისთვის დიდი დანაკლისია", -განაცხადა თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა.

სამინისტროს თანამშრომლების შეფასებით, ყველა დაღუპული გმირია.

„უდიდესი ტრაგედიაა ჩვენთვის, სრულიად საქართველოსთვის. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახის წევრებს, ყველა ჩემს კოლეგას. საგმირო საქმეზე მიდიოდნენ, რომელიც ამ დიდი ტრაგედიით დასრულდა. ძალიან დიდი გულისტკივილი და დარდია ქვეყნისთვის. რვავე ადამიანი გმირია. რვავე არის ქვეყნის გულისტკივილი", - განაცხადა ექიმმა, სოფო რიჟამაძემ.

გუდაურში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულები დილიდან სამების საკათედრო ტაძარში არიან დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.